„ევროპელებს სულ უფრო ნაკლებად სჯერათ, რომ უკრაინა რუსეთთან ომში გამარჯვებს“, – წერს ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (რედაქცია – ბრიუსელში) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გამოკითხვები მოწმობს, რომ ევროპელები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ომში უკრაინის გამარჯვების მიმართ“ (ავტორი – ელენ ჯორდანო). „რესპონდენტთა თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ საომარი მოქმედებები სამშვიდობო მოლაპარაკებით უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ უკრაინისადმი სამხედრო დახმარება არ უნდა გაფართოვდეს“, – აღნიშნულია მასალაში.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როგორც ახალი სოციოლოგიური გამოკვლევა აჩვენებს, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების ევროპული საბჭოს (ECFR) ეგიდით ჩატარდა, უკრაინელთა უმრავლესობა თვლის, რომ კიევი მოსკოვთან ომში გაიმარჯვებს, მაგრამ ევროპელებს ამაში ეჭვი ეპარებათ – მათი თვალსაზრისი უკრაინელთა პოზიციისაგან განსხვავებულია.
გამოკითხვის მონაცემები, რომელიც მაისში ჩატარდა, 3 ივლისს გამოქვეყნდა, ანუ ნატოს ვაშინგტონის სამიტამდე (9-11 ივლისი) რამდენიმე დღით ადრე. ისინი აჩვენებენ როგორც უკრაინის, ასევე ევროკავშირის 14 ქვეყნის მოსახლეობის ომისადმი დამოკიდებულებას.
ერთი მხრივ, როგორც ირკვევა, ევროპელებს ბრძოლის ველზე უკრაინის რუსეთზე გამარჯვებისა არ სჯერათ. გამოკითხულებმა, რომელთა რაოდენობა 30%-დან თითქმის 50%-მდე მერყეობს, განაცხადეს, რომ სამხედრო მოქმედებები სამშვიდობო მოლაპარაკებით დასრულდება, ხოლო 31% (მეტწილად ბერძნები) თვლის, რომ ომში, დიდი ალბათობით, რუსეთი გაიმარჯვებს. ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ ესტონელები არიან ყველაზე მეტად დარწმუნებული (38%), რომ ომში გამარჯვებული რუსეთი იქნება.
მეორე მხრივ, უკრაინელთა უმეტესობა (58%) ძველებურად დარწმუნებულნი არიან, რომ მათი არმია გამარჯვებას მოიპოვებს. მათ იმედი აქვთ, დასავლელი მოკავშირეები უკრაინისადმი ფინანსურ, ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას გააგრძელებენ. მხოლოდ უკრაინელთა 1% მიიჩნევს, რომ ომში უკრაინა დამარცხდება. 30% თვლის, რომ სიტუაციის დარეგულირება მხოლოდ სამშვიდობო მოლაპარაკებით შეიძლება.
გამოკვლევის ავტორებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის წევრი-ქვეყნებისა და უკრაინის მოსახლეობის თვალსაზრისები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან რიგ საკითხებში, მათ შორის – როგორი დახმარება უნდა გაეწიოს უკრაინას და უნდა იქნას თუ არა მიღებული უკრაინა ევროკავშირის წევრად.
როგორც გამოკითხვამ აჩვენა, საეჭვოა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს თავიანთი მოსახლეობა მხარს დაუჭერს უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხში: ნატოს ქვეყნებში ამ იდეას მხარს უჭერს 4%-დან 22%-მდე გამოკითხული.
რაც შეეხება სამხედრო ხარჯებს, გამოკითხვის მონაცემებით, 14-დან ათი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა წინააღმდეგია, რომ მათმა მთავრობებმა უკრაინისადმი სამხედრო დახმარება გაზარდონ. გამონაკლისებია პოლონელები (მომხრეა 53%), ესტონელები (45%), შვედები (41%) და გერმანელები (40%).
ამასთან, ევროპელთა უმრავლესობა მომხრეა, რომ მათი ქვეყნები ომში სხვადასხვა სახით იყვნენ ჩართულები – მაგალითად, ისინი მხარს უჭერენ ტექნიკური დახმარების გაწევას და საბრძოლო მასალების მიწოდების გაფართოებას.
მხოლოდ ბულგარელების, ბერძნებისა და იტალიელების უმეტესობა (შესაბამისად – 63%, 54% და 53%) თვლის, რომ უკრაინისათვის იარაღისა და საბრძოლო მასალების მიწოდება ცუდ იდეას წარმოადგენს.
ევროპელებს განსხვავებული თვალსაზრისი აქვთ ევროკავშირში უკრაინის მიღების საკითხისადმი – თუ რამდენად მომგებიანი იქნება კიევის წევრობა ევროკავშირისათვის. ყველაზე მეტად უკრაინის გაწევრიანებას მხარს უჭერენ პორტუგალიელები, ესტონელები, შვედები, ესპანელები და პოლონელები. ყველაზე სკეპტიკურად არიან განწყობილები გერმანიის, ბულგარეთის, ჩეხეთისა და საფრანგეთის მოსახლეობა.
თვითონ უკრაინაში რესპონდენტთა ორი მესამედი (64%) თვლის, რომ მათი ქვეყნისათვის ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს.
მოამზადა – სიმონ კილაძემ