გამოკითხვა: “უკრაინელთა უმეტესობა, დაღლილობის ნიშნების მიუხედავად, მხარს გამარჯვებამდე ბრძოლას უჭერს”-“ამერიკის ხმა”

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიის “ამერიკის ხმის” (Voice of America) უკრაინული სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამოკითხვა: უკრაინელთა უმეტესობა, დაღლილობის ნიშნების მიუხედავად, მხარს გამარჯვებამდე ბრძოლას უჭერს“, რომელშიც განზოგადებულია საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ორგანიზაციის „გალოპის“ გამოკითხვის შედეგები.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინაში რუსეთის ომი ფონზე, კვლევითი ორგანიზაცია “გალოპი” ახალი გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს იმის თაობაზე, თუ რას ფიქრობენ უკრაინელები ომის დასრულებაზე, გამარჯვებაზე და მომავალზე. “ამერიკის ხმის” უკრაინულ სამსახურს ამ თემაზე კვლევის წამყვანი ექსპერტები ესაუბრნენ.

“იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ხდება, ახლა შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ყოველდღიურად თვალის დევნება, ვიდრე აქამდე ხდებოდა”, – ამბობს ჯული რეი, “გალოპის” საერთაშორისო ამბების მმართველი რედაქტორი.
როგორც ცნობილია, “გალოპი” დამოუკიდებელი გლობალური კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც ვაშინგტონშია დაფუძნებულია და ცნობილია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით.

რას ნიშნავს „გამარჯვება” უკრაინელებისთვის?

თითქმის ყველა უკრაინელი თანხმდება, რომ ომის მოგება ნიშნავს ყველა იმ ტერიტორიის დაბრუნებას, რომლის ოკუპაციაც რუსეთმა 2014 წლის შემდეგ მოახდინა. ამასთან, უკრაინელთა უმეტესობა ამბობს, რომ მათ უნდა განაგრძონ ბრძოლა მანამ, სანამ გამარჯვებას არ მიაღწევენ. ამ პასუხს გასულ წელს 70 % ეთანხმებოდა, წელს – 60 %.

სერგეი რადჩენკო, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის საბჭოთა წარსულის მკვლევარი ამბობს, რომ ერთგვარი გადაღლა ხალხში იზრდება. ახლა უფრო მეტი უკრაინელი იმედოვნებს, რომ ქვეყანა კონფლიქტის დასრულებას მოლაპარაკებით შეძლებს.

ანალიტიკოსის შეფასებით, მსგავსი განცდა უფრო მეტად იმ ადამიანებს აქვთ, ვინც აღმოსავლეთსა და სამხრეთში, განსაკუთრებით კი ფრონტის ხაზთან ახლოს ცხოვრობს და მათზე ომის გავლენაც გამორჩეულად დიდია.
ყოველი მეორე უკრაინელი “გალოპის” გამოკითხვაში ამბობს, რომ მათ საკვების ყიდვა და თავშესაფრის ნახვა უჭირთ. ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთს უკრაინაში ომის გახანგრძლივებით სწორედ უკრაინელთა და მათი მხარდამჭერების გადაღლა და დაბნევა სურს.

“სწორედ ამიტომ ვლადიმირ პუტინი იყენებს ინფრასტრუქტურაზე, ენერგო-ობიექტებზე და მსგავს სამიზნეებზე დარტყმის სტრატეგიას. მას უკრაინელი საზოგადოების გადაღლა სურს”, – ამბობს სერგეი რადჩენკო.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად კი ექსპერტები სიტუაციას კიდევ უფრო მეტად საყურადღებოდ მიიჩნევენ. „მდგომარეობა რთული იქნება. რუსები ინფრასტრუქტურის განადგურებაზე არიან კონცენტრირებულნი. ხალხს შესცივდება, მშიერი იქნება. ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ხედავენ ადამიანები ომს”, – ამბობს ჯოზეფ ნაი, ჰარვარდის კენედის სკოლის ყოფილი დეკანი.

უკრაინელთა უმეტესობა პრეზიდენტს და ჯარს ენდობა

„მიუხედავად იმისა, რომ ომით დაღლის ნიშნები არსებობს, უკრაინელები მთლიანობაში ომის მოგების იდეისადმი ერთგულნი რჩებიან”, – თქვა ჯული რეიმ. ჯარისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებების მიმართ ნდობა და მხარდაჭერა კვლავ ძალიან მაღალია და ანალიტიკოსების აზრით, ეს გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია.

უკრაინელთა ნდობა და რწმენა ჯარის მიმართ რეკორდულად მაღალია – 95%-მდე. პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ მხარდაჭერა კი დაახლოებით 81%-ია.

“გალოპის” ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამ მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობის მოწონების მაჩვენებლები მაინც იკლებს და ესეც საყურადღებო ტენდენციაა.

ჯოზეფ ნაის განმარტებით, ამის მიზეზი შესაძლოა ამ ზაფხულის კონტრიერიშის მიმართ არსებული მაღალი მოლოდინები და შედარებით ნაკლები მიღწევებიც კი იყოს, თუმცა ის ამას შეშფოთების საგნად არ მიიჩნევს.
მისი თქმით, დემოკრატიული მსოფლიოს ნებისმიერი ლიდერი ბედნიერი იქნებოდა, ამგვარი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა მოსახლეობისგან და რეიტინგებში უმნიშვნელო მატება ან კლება სანერვიულო არაა.

აშშ და გერმანია – როგორ ხედავენ უკრაინელები მათ მხარდაჭერას

ექსპერტების შეფასებით, ვოლოდიმირ ზელენსკის საქმიანობის შეფასება დიდწილად გადაჯაჭვულია იმასთან, თუ რამდენად წარმატებულია მისი საგარეო პოლიტიკა და დასავლეთისგან მხარდაჭერა.

უკრაინის ორი უდიდესი სამხედრო პარტნიორი ამერიკა და გერმანიაა. გამოკითხვის თანახმად, უკრაინელთა 53% ამერიკისა და გერმანიის მთავრობის დახმარებას დადებითად აფასებს. ამასთან, საინტერესოა, რომ ამერიკის მიმართ ეს მაჩვენებელი შემცირდა, გერმანიის მიმართ კი – გაიზარდა.

“არსებობს მზარდი იმედგაცრუების განცდა ამერიკის მიმართ, რომ ის არ აწვდის უკრაინას იმდენს, რამდენის მიწოდებაც შეუძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინა იბრძვის რუსეთის აგრესიის შესაკავებლად. ყველა უკრაინელი მეტი ფინანსური და სამხედრო დახმარების საჭიროებაზე საუბრობს”, – ამბობს სერგეი რადჩენკო.

იგი განმარტავს, რომ გერმანიისგან განსხვავებით, ახლა ამერიკაში დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელებაზე კამათობენ.

გამოკითხვა ნატოს ივლისის სამიტის ბოლოს ჩატარდა, რამაც მკვლევარების აზრით, შეიძლება განწყობების გამწვავებასაც შეუწყო ხელი. რადგან პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ სამიტზე თქვა, რომ უკრაინა ჯერ არ იყო ალიანსის წევრობისთვის მზად, სანამ ომი არ დასრულდებოდა.
კვლევის ავტორთა და ანალიტიკოსთა აზრით, შესაძლოა გარკვეულწილად უკმაყოფილების მცირედი ზრდა ამანაც განაპირობა, რაც კვლევის შედეგებშიც აისახა. თუმცა რაც არ იცვლება ისაა, რომ კრემლს მოსახლეობის 0 %-ის მხარდაჭერა აქვს.

ნატოს და ევროკავშირის წევრობა

უკრაინელთა თითქმის სამი მეოთხედი ამბობს, რომ სჯერა, მათი ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრი უახლოეს ათწლეულში გახდება. მათ მტკიცედ სჯერათ, რომ მათი მომავალი დასავლეთშია.

წყარო