მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მსჯელობაში ყველაზე კომპეტენტურ ხალხად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის გახარიას პარტიას ვერ მივიჩნევთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთთან თანამშრომლობენ, რის შენიღბვასაც ცდილობენ.
„გახარიას პარტიის მხრიდან სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრის წამოწყება იმ ალიანსების შენიღბვის მცდელობაა, რაც გახარიას პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გააჩნია. ეს ორი პოლიტიკური გუნდი ერთმანეთთან თანამშრომლობს. ასე დაიწყო გახარიას პარტიას მოღვაწეობა, ასე გრძელდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას სამედიცინო დაწესებულებიდან ჩაერთვება თუ პენიტენციური დაწესებულებიდან, აბსოლუტურად ერთნაირი იქნება და ამიტომ სამართლებრივი ნორმებით ჟონგლიორობა არ ღირს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
პარტიამ „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.