ფილმ „იარე ლიზასთან“ დაკავშირებული ერთი გაუგებრობის შესახებ უპირველესად მივმართავ ჩემს ახალგაზრდა მკითხველებს, თაობას, რომლის წინაშე ჩვენ, ყველანი, უფროსი თაობის წარმომადგენლები, ვალში ვართ”- წერს სოციალურ ქსელში მწერალი, გურამ ოდიშარია.
“ძვირფასო მეგობრებო, დღეს საქართველოში ახლადგადაღებული ფილმებიდან „იარე ლიზა“ ყველაზე გახმაურებულია – მან გააქტიურა აფხაზეთის თემა და გამოიწვია მძაფრი დისკუსიები.
ამ დღეებში ფილმის სცენართან დაკავშირებით ხშირად მეკითხებიან სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები, ჩემი მკითხველები… რამდენიმე დღის წინ მათ შევპირდი, რომ კითხვებზე აუცილებლად ვუპასუხებდი.
მე არ გახლავართ ფილმის სცენარის ავტორი, არც თანაავტორი, არც შემოქმედებითი ჯგუფის წევრი, არც კონსულტანტი. არ ვახმოვანებ ფილმს, არც მის რომელიმე პასაჟს (ჩემი ხმა სხვის ხმაში გეშლებათ). დაახლოებით 8 წლის წინ ფილმის შემქმნელებთან მქონდა საუბარი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, აფხაზეთის ომის დროს ადამიანთა ურთიერთგადარჩენის ამბებზე.
ფილმი ვნახე დახურულ ჩვენებაზე, სადაც მითხრეს, რომ ფილმი უკვე დასრულებულია და მისი ყველა ტექნიკური პროცესი დამთავრებულიაო.
ფილმის დასასრულს გამოყენებული ტექსტი თითქოს აღებულია ჩემი ნაწარმოებიდან „დევნილთა უღელტეხილი“. აქედანვე უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ტექსტს „დევნილთა უღელტეხილთან“ თითქმის არავითარი კავშირი არ აქვს და, სამწუხაროდ, არც ჩემთან იყო შეთანხმებული მისი ფილმში წარმოჩენა.
გარდა ამისა, მე არ ვიცნობდი სცენარს და არც ე.წ. „ნედლ მასალას“, არც სცენარის კონცეფციას.
საერთოდ, ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ ტექსტების გადაკეთების (თუ ამის აუცილებლობა და ავტორის ნება არ არსებობს). მითუმეტეს თუ ტექსტი ცნობილია. „დევნილთა უღელტეხილი“ 30 წლის წინ დაიწერა და იმავე წელს გამოიცა, შემდეგ ორგანულად შეერწყა ჩემს წიგნს „სოხუმში დაბრუნებას“. მისი ერთ-ერთი თავი გახდა.
სხვათაშორის, ამ თემასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აღვნიშნო – მე ვიცი ადამიანები (მათ შორის თავადაც მე ვიგულისხმები), რომლებიც დააზიანა, მაგალითად, ინტერვიუერის მიერ არასწორად, სხვა ინტერპრეტაციით ავტორთან შეუთანხმებლად ჩაწერილმა საუბარმა. უპირველესად, რა თქმა უნდა, დაზიანდა საერთო საქმე.
როდესაც უღელტეხილზე მოვდიოდი, ვფიქრობდი ამ გზას თუ გადავურჩი, აუცილებლად დავწერ იმაზე, რაც ვნახე და რაც გადავიტანე უამრავ ადამიანთან ერთად-მეთქი.
„დევნილთა უღელტეხილი“ ცალკე და „სოხუმში დაბრუნებასთან“ ერთად 1993 წლიდან საქართველოში დაახლოებით 15-ჯერ გამოიცა. ის ითარგმნა რამდენიმე ენაზე და სახელმწიფო პრემიასთან ერთად მიიღო რამდენიმე ლიტერატურული პრემია. ასევე, რამდენიმე წელია, რაც „დევნილთა უღელტეხილი“ სასკოლო პროგრამებშია შეტანილი. ასევე, დიდი ხანია, რაც განთავსებულია ინტერნეტ-სივრცეში. ყველას ადვილად შეუძლია ის შეადაროს ნებისმიერ ტექსტს.
გულწრფელად და გულის ტკივილითაც გეტყვით , რომ 30 წლის წინ რას წარმოვიდგენდი, რომ იმ საშინელ 1993-ში დაწერილი „დევნილთა უღელტეხილის“ გამო ახსნა-განმარტება მომიწევდა.
როგორც უკვე ვთქვი, არასწორად გამოყენებულ სიტყვას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ფილმში გაჟღერებული „საზღაური ვზღეთ“ (უპირველესად, ჟურნალისტ, მერაბ მეტრეველის გასაგონად ვამბობ) არა მარტო „დევნილთა უღელტეხილში“, არც ერთ სხვა ნაწარმოებში არა მაქვს დაწერილი.
მოკლედ, მოგახსენებთ ამ მცირე მოცულობის ნაწარმოების არსისა და მისი ფინალის შესახებ. როგორც „დევნილთა უღელტეხილში“ აღწერილია ის ჯოჯოხეთური გზა, რომლითაც ქართველებმა დატოვეს აფხაზეთი. ამ გზაზე რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა. ეს, ასე ვთქვათ, „ცხელ გულზე“ დაწერილი ტექსტია და ამიტომაცაა ძალიან ემოციური.
მაშინ და ახლაც ჩემი (და ქართველთა უმრავლესობის) უპირველესი სატკივარი იყო გახლეჩილი, ერთმანეთს დაპირისპირებული საქართველო, თბილისის ომი, რომელმაც გაბზარა მთელი ქვეყანა. ენერგია, რომელიც ქვეყნის სასიკეთოდ უნდა გამოგვეყენებინა, შიდა ბრძოლებში ულმობლად იხარჯებოდა.
უღელტეხილზე დიდი თანაგრძნობის მაგალითების მოწმე გავხდი და იმისიც, თუ როგორ ძარცვავდნენ ავკაცები გაჭირვებაში ჩავარდნილ თვისტომებს. ადრე ასეთ რამეს ვერც წარმოვიდგენდი.
მოვდიოდით და მოსვენებას არ გვაძლევდა კითხვები: რატომ გამოცხადდა აფხაზეთში სწავლის დაწყება 1 სექტემბერს? იმ დროს, როდესაც სრულიად საქართველოში იგივე აფხაზეთში რუსეთის მილიტარისტული პოლიტიკის მიერ პროვოცირებული ომის მიზეზით სწავლა 1 ოქტომბერს იწყებოდა?.. რატომ დააბრუნეს სამხედრო მოქმედებების ზონაში ომს განრიდებული ბავშვები?.. რატომ ვერ გაარღვია არც თუ ისე მცირერიცხოვანმა ჯარმა კოდორის ხიდი, რათა დევნილები უმოკლესი (80კმ) გზატკეცილით სოხუმიდან ზუგდიდამდე გაეყვანათ და არა საკენ-ჭუბერის უღელტეხილით, რომელიც სოხუმს ზუგდიდიდან 200-ზე მეტი კილომეტრით აშორებს?.. რატომ დატოვეს ხალხი და ჯარი სახელმწიფო მეთაურმა, სამხედრო ხელმძღვანელობამ?.. რატომ არ ჰქონდა სახელმწიფოს თავდაცვის, ეტაპობრივი უკან დახევის, დევნილების სამშვიდობოზე გაყვანის გეგმა?…
სასოწარკვეთილები მივაბიჯებდით უღელტეხილზე და უამრავი „რატომ“ გვიტრიალებდა თავში…
ალბათ, აჯობებს, რამდენიმე ნაწყვეტი მოვიყვანო „დევნილთა უღელტეხილიდან“.
„…27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. კოდორის ხიდი ვერა და ვერ გაარღვიეს სხვადასხვა ნომრისა და მრისხანე დასახელების კორპუსებმა და ბატალიონებმა. ხალხი იძულებულია ხსნის ერთადერთ – სვანეთისაკენ მიმავალ გზას დაადგეს (ყველას კარგად ახსოვს გაგრა და არა მარტო გაგრა). დევნილები ჩქარობენ, ვინ მანქანით, ვინ ფეხით… ცხენებითაც მიემართებიან მთებისკენ…“
„…მოძრაობა ჩერდება – წინ მიმავალ „შილკას“ ძრავა ჩაუქრა და გზა გადაკეტა. ძრავას ვთიშავ და მანქანიდან გადმოვდივარ, მიახლოვდება ნირშეცვლილი ნაცნობი. იცი, რა ვნახე, – მეუბნება აკანკალებული ხმით, -კელასურის ხიდზე ქალი გადმოდიოდა, აი, ახლა ორიოდე საათის წინ… რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის, მძიმე ჩანთა მოჰქონდა, შევატყვე, ცუდად იყო ძალიან, ვკითხე -ქალბატონო, ხომ არ დაგეხმაროთ-მეთქი. ბუტბუტი არ შეუწყვეტია, ჩანთა გახსნა და „გრადის“ ნამსხვრევებით დასახიჩრებული შვილის ცხედარი მიჩვენა…“
„…მოულოდნელად გზაზე „მოსკვიჩი“ მეღობება. იქიდან სასწრაფოდ გადმოდის ორი სამხედროფორმიანი ახალგაზრდა.
– ჩამოდი მანქანიდან! – ყვირის ერთი და ავტომატს მიმიზნებს, – თუ ერთი ტყვია მაინც გიპოვე, შუბლს გაგიხვრეტ! ჩვენ აქ უნდა ვიბრძოლოთ და შენ კი… შენ კი იარაღი მიგაქვს, ხომ… ხომ!.. ამას ამბობს და თან მუშტრის თვალით ათვალიერებს ჩემს მანქანას.
არ გადმოვდივარ და ვუხსნი, რომ იარაღი არა მაქვს, მხოლოდ მამისეული სანადირო თოფი მიმაქვს.
– მოიტა თოფი, მოიტა თოფი, რად გინდა თოფი, მოიტა!.. – ყვირის გახელებული.
უცებ უკნიდან მანქანების კოლონა გვიახლოვდება, – მათი შუქფარების სინათლე იქაურობას ანათებს, ისმის გაბმული სიგნალების ხმები.
– კარგი, წადი, წადი, ჩქარა წადი!.. – ლუღლუღებს შემკრთალი, ავტომატს დაბლა უშვებს და „მოსკვიჩისაკენ“ გარბის.
მოგვიანებით საკენში ვნახე, სადაც ერთდროულად რამდენიმე ახალი მანქანის მფლობელს ევაჭრებოდა – უღელტეხილზე „ურალით“ გადაგიყვანთ, ოღონდ მანქანები მე დამიტოვეთო…“
„…ღამით აჟარაში, გუჯეჯიანების ეზოში ვჩერდებით. ვეძებთ ომარის მანქანას, მაგრამ ვერ ვპოულობთ,
– ჩვენი ტანსაცმელიც მანქანაშია, – მეუბნება პერანგისამარა, სიცივისა და განცდებისაგან აკანკალებული ომარი.
გუჯეჯიანების მეზობელს ინდაურები და ქათმები დაუკლავს, გრძელ დარბაზში ვეებერთელა სუფრა გაუშლია და ყველას ეპატიჟება. ხალხი რიგ-რიგობით ვახშმობს.
ღამით მანქანაში ვიძინებთ…“
„…მოდიან ამ ჯოჯოხეთური პარადის მონაწილეები – სოხუმელები და სოხუმის რაიონელები, გულრიფშელები, გაწამებულები და გატანჯულები. მოდიან და მოდიან… თავჩაღუნულები გზას ჩასჩერებიან, მიწას, დედამიწას – ამ პარადის ერთადერთ კანონიერ მიმღებსა და პატრონს. მათ მთელი ერთი წლის განმავლობაში ყველა იმ იარაღის სიავე თავიანთ თავზე გამოსცადეს, რომელიც ავღანეთში მოქმედებდა. უფრო მეტიც – ავღანეთში არ იყო ზღვა და, შესაბამისად, სამხედრო კატარღები და გემები არ ბომბავდნენ ქალაქებსა და სოფლებს…“
„…არავის გაუფრთხილებია ეს ხალხი, არავის მიუცია რჩევა-დარიგება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო უღელტეხილზე. მთელი გზის განმავლობაში არც ექიმი შეგვხვედრია სადმე, ხოლო ისინი – დიდი და მცირე რანგის თავკაცები, რომლებსაც ხალხის ხსნა ევალებოდათ, ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე, გამხნევება მაინც, პირველები შველოდნენ თავს. განგებამ სიკვდილ-სიცოცხლის საშინელი მარათონის მონაწილე გაგვხადა – გაუძლებ ბედისწერის გამოცდას? იცოცხლებ! არადა…“
„…გზაში უცნობი კაცი მიყვება, თუ როგორ დაასაფლავეს მაჭარაში, გზისპირას სოხუმში დაღუპული ექვსი ჯარისკაცი: სამედიცინო მანქანა „კობრამ“ სასწრაფოდ ჩამოასვენა ისინი, ერთი მათგანი შუაში ისე იყო გადაჭრილი, თითქოს უზარმაზარი ცელით გადაცელესო. მესამე დღეა, აზრზე ვერ მოვდივარ, რა იარაღი იხმარეს ასეთიო…“
„…და აი, აქედან იწყება სიკვდილ-სიცოცხლის გზა – უღელტეხილის ალპური ზონა!
მალე პირველ დაღუპულ ადამიანს დავადექით თავზე – სამოცდაათიოდე წლის მაღალი კაცი გზისპირას პირდაღმა წევს, ძველმოდური ქუდი ახურავს, პირი დაფჩენილი აქვს, თვალები ღია.
ჩვენ არც ვეჭვობთ, რომ ის მკვდარია.
სულ ასიოდე ნაბიჯის შემდეგ 60-65 წლის ცოლ-ქმარს ვეწევით. უცებ ჩასუქებული ქალი ჩანთებს დაბლა ყრის და შუა გზაზე, ზედ ჩემს ფეხებთან ეცემა, ხელებს ჰაერში ასავსავებს და… კვდება. თვალებს არ ვუჯერებ. ნუთუ ეს ცხადია?
-დეიდა! – ვანჯღრევ, – დეიდა!..
სუნთქვაშეკრული ქმარი ერთხანს დგას, ჩემოდანს ხელს უშვებს, თავს აკანტურებს, ქუდი უვარდება. ჯერ მუხლებზე ეცემა, შემდეგ მოწყვეტით – ცოლის გვერდით.
ხან ერთს მივვარდებით, ხან მეორეს, კაცის სხეულისა და სულის გაყრას ჯერ არ შევსწრებივარ. არ მეგონა, თუ ასე ადვილად კვდებოდა ადამიანი…“
„…მალე ლოდზე მუცლით გაწოლილ გაყინულ ქალს ვხვდებით, შემდეგ – ქურთუკზე სამხედრო ქამარშემორტყმული წვერებიანი კაცის ცხედარს.
საკუთარი უსუსურობა ყელში ბურთივით გვებჯინება – ვერავის ვეხმარებით. ეს არის, მხოლოდ შეძახილებით ვამხნევებთ მგზავრებს…“
„…ბინტით თავშეხვეული სულიერი ავადმყოფი მოჰყავს დედასა და ძმას. თითქმის ყოველ მეათე ნაბიჯზე ეცემა ავადმყოფი და მასთან ერთად ორივე თანამგზავრიც. ავადმყოფი ხმას არ იღებს, თავაწეულს თვალები ცისკენ აქვს აპყრობილი. დედა და ძმა ქვითინებენ…“
„…ოცდაათიოდე წლის კაცი ლოდზე ჩამომჯდარ, სასოწარკვეთილ დედას ეფერება, ადექიო, ეხვეწება. ვერ დგება ქალი. ადექით, ქალბატონო, იარეთ, – ვემუდარებით ჩვენც. ახალგაზრდა კაცი პურს გვთხოვს. ორი დღეა, არაფერი გვიჭამიაო, გვეუბნება. პურს ვაძლევთ და გზას ვაგრძელებთ. ცოტა ხნის შემდეგ უკან ვიხედებით. ქალი ამდგარა და ძლივს მოლასლასებს. რამდენიმე დღის შემდეგ ვგებულობ, რომ ის დედა-შვილი დაღუპულა. ქალი იმიტომ, რომ უღელტეხილს ვერ მოერია, შვილი იმიტომ, რომ დედა ვერ მიატოვა…“
„…ნერვებდაგლეჯილი, გულდამძიმებული დევნილები შიმშილის, წყურვილისა და ტვირთის სიმძიმის გამო იღუპებოდნენ. გამოსავათებულები ჩაიმუხლებდნენ სადმე, თვალს მილულავდნენ და მორჩა – ზეციური საქართველოს საზღვრებამდე ისედაც თავიანთი ფეხით ამოსულები ჟამის ერთ გაელვებაში გვტოვებდნენ უღელტეხილის, ბუნების, ადამიანის, ბედის მიერ ნაღალატევ თანამოძმეებს. გული – ეს უსათნოესი და უფაქიზესი მეგობარი, უწმინდეს საიდუმლოთა სალარო, ყუჩდებოდა უპირველესად და სამუდამოდ ადუმებდა თავის უბედურ პატრონს…“
„…ვეწევი პატარა ჯარისკაცს. იგი არ ტირის. ხმადაბლა მიყვება თანამებრძოლის ამბავს. მჟავე წყლების გზაზე (ჭუბერისკენ მიმავალი, შედარებით მოკლე გზაა, მოკლე და საშინლად მომქანცველი) ორბავშვიან, ტვირთით წელში გაწყვეტილ ქალს დასწევია, დახმარება შეუთავაზებია და პატარები ზურგზე მიუბამს. ორიოდე საათის სიარულის შემდეგ ორივე ბავშვი გაყინულა…“
„…ყველას, ვისაც ძვირფასი ადამიანი გაეყინა საკენ-ჭუბერის გზაზე, მინდა ვუთხრა – ნეტარი სიკვდილით გარდაიცვალნენ ისინი. დაღუპულებს, რომლებსაც გზადაგზა ვხვდებოდი, მშვიდი სახეები ჰქონდათ და ტანჯვის არავითარი ნიშანი არ ეტყობოდათ. ყური უგდეთ ამ სტრიქონების ავტორს, რომელმაც კინაღამ გაიზიარა მათი ხვედრი – დაქანცულს ტკბილად, ძალიან ტკბილად ეძინება ყინვაში, ვით ახალწლის უმშვენიერეს ღამეს იმ ბავშვს, რომელსაც დედა სათუთად შემოუკეცავს საბანს. ვიცი, კარგად ვიცი, არ დაგამშვიდებთ ჭირისუფლებს ჩემი სიტყვები, მაგრამ მერწმუნეთ, სულ სხვაა, როცა უღმერთო გზის შემდეგ მშვიდად უბრუნდები მშობლიურ სახლს – მარადისობას, სადაც ადრე თუ გვიან ყველამ უნდა მოვიყაროთ თავი…“
„…გზაზე კიდევ რამდენიმე გაყინულ ქალს ვხვდებით. ისეთი განწყობა მეუფლება, თითქოს ეს ქალები აქ, ამ გზაზე იყვნენ მუდამ, როგორც ეს ლოდები და ბორცვები, თანაც მუდამ ასეთები – მკვდრები, ფერმიხდილები. საკუთარი უძლურების შეგრძნება უღელტეხილსა და სიცივეზე არანაკლებ დამთრგუნველად მოქმედებს. ისიც არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ – დავასაფლავოთ ისინი თუ ხვალ მათი ჭირისუფალი გამოჩნდება და მან იცის, რა მოიმოქმედოს. გადავასვენოთ? კი მაგრამ, როგორ…
– არ გვაქვს ადგილი, ვერ ხედავ? – ხელებს მხრებზე მადებს „ბმპ“-ეზე მჯდარი ახალგაზრდა კაცი.
იგი ტირის.
– რა გატირებს? – ვეკითხები.
ჯარისკაცის ფარაჯაში გახვეულ ცხედარზე მანიშნებს.
– ცოლს მივასვენებ… „ურალით“ მომყავდა… გადავარდა „ურალი“… მუხრუჭები, მუხრუჭები… სიტყვას ვერ ასრულებს, ხმამაღლა ტირის…“
„…გზაში ამბავს ყვებიან ვიღაც ქალზე, რომელმაც თითქოს ჩვილი მიატოვა და თავს გაქცევით უშველა. შემდეგ სხვა ქალის უბედურებას ვგებულობ – მას გზაში ორი შვილი გაჰყინვია, მესამე დევნილებისათვის მიუბარებია, გზა გაუგრძელებია და ცოტა ხანში თავი მოუკლავს – ხრამში გადაჩეხილა. დარწმუნებული ვარ, ორივე ამბავი ერთსა და იმავე ქალს ეხება, უფრო ზუსტად – პირველი ჭორია და მეორე – სინამდვილე. წარმოუდგენელია, დედას შვილი მიეტოვებინოს და სამშვიდობოს გაქცეულიყოს, თუ გაიქცევა მხოლოდ და მხოლოდ მოუსავლეთში, შავეთში… ოღონდ კიდევ ერთი შვილის დაღუპვა არ იხილოს… ოღონდ სიკვდილმა თავად წაიყვანოს და არა მესამე… აჰა, ეს მე ვარ, მე მომკალი, ოღონდ შვილი გადამირჩინე!..“
„…ამ დროს კი თურმე ჩვენგან კარგა დაბლა, მოსახვევში, რეალურად არსებული ყაჩაღები რეალურად არსებულ ლოდებთან და კლდეებთან ჩასაფრებულები, ძარცვავდნენ დევნილებს, ჯარისკაცებს ართმევდნენ იარაღს, სხვებს – ქურთუკებს, ფულს, ოქროულობას, უკანასკნელ ნივთებს… მოსახვევიდან ამოფრენილმა მანათობელმა ტყვიებმა რამდენიმეჯერ შემოხაზეს ჰაერში ნახევარწრე, ჟამგამოშვებით ისმოდა ავტომატის შორეული კაკანი.
გზაში იარაღის გამო მოკლული ახალგაზრდა კაცის ცხედარიც ვნახეთ და გაყინული, რკინისჩაჩქანიანი მეომრის გვამიც, თუმცა, იქნებ ისიც მოკლეს და იქნებ ისიც იარაღის გამო…
გამკითხავი არავინაა, მფარველი – მითუმეტეს. გაუძლებ ადამიანთა უგვანობას? – იცოცხლებ! არადა…“
„…მერე კი, ცხენისწყალთან, გაღმა და გამოღმა მდგარი ქართველები ერთმანეთს ესროდნენ. ვთხოვეთ ერთს და ვთხოვეთ მეორე მხარეს, გავეტარებინეთ. იფიქრეს, იფიქრეს, დაგვინიშნეს დრო და ქართველი დევნილები გაგვატარეს ქართველებმა. გადავედით თუ არა ხიდზე, მაშინვე კვლავ დასცხეს ერთმანეთს. ყოჩაღად იბრძოდნენ, ვერაფერს იტყვი. ისროდნენ და ისროდნენ. სადღაც მაღლა, ღრუბლებს მიღმა კი ცრემლად იღვრებოდა მამულის დედა… ხითხითებდა სატანა…“
„…თითქოს ვძლიე უღელტეხილს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ დავჯაბნე თითქოს, მაგრამ… იგი სამივე ჟამში გაიხირა, წარსულისა და მომავლის, აწმყოს მაგიურ ტრიპტიქად მექცა და ჩემს სულსა და სისხლში დაიდო ბინა თავისი ცოცხლებითა და გარდაცვლილებით, „უცხოპლანეტელებით“, გაოგნებული ხარებით, „ბმპ“-ეს ლულაზე მიბმული მოხუცებით, კვნესით, ვაებით, უსაშველო სინანულით… ვიცი, არასოდეს შეწყდება მასზე მოძრაობა, რამეთუ დევნილთა უღელტეხილია იგი, ერთადერთი უღელტეხილი მსოფლიოში, რომელიც მოგზაურობს და მოგზაურობს მთელს დედამიწაზე, დამუხტული დევნილთა ენერგიით, უზარმაზარი ხომალდის დარად მოივლის ოკეანეებს, ზღვებს, კონტინენტებს, სახელმწიფოებს, მსუსხავი ქარით გათანგული, დაწყევლილი და დიადი, პირმშო თვითმკვლელი, საკუთარ გულს საკუთარი ფრჩხილებით ჩაფრენილი, დასისხლიანებული საქართველოსი, გადასასვლელი სიკვდილიდან სიცოცხლისაკენ. ჯვარცმული, ჯვარცმული უღელტეხილი!“
„…დევნილთა უღელტეხილი“ ყველაზე მაღალი უღელტეხილია, მამულის უწმინდესი ჰაერით გაჟღენთილი, ყველა ამქვეყნიურ წვრილმანსა და დავიდარაბაზე, ფულსა და ღალატზე, სიბრიყვეზე, სიხარბესა და სულმოკლეობაზე მაღლამყოფი. უღელტეხილი – გოლგოთა სრულიად საქართველოს ცოდვებს მიეზიდება… მის შუაგულში დგას მკერდში მომაკვდავშვილჩაკრული ახალგაზრდა მამა და წყევლის, ხმამაღლა წყევლის პოლიტიკოსებსა და არაპოლიტიკოსებს, გუშინდელებსა და დღევანდელებს, ქართველებსა და არაქართველებს, კაცებს, ქალებს… ჩვენ, ყველას, უკლებლივ! ყველას, ვინც მიზეზთა და მიზეზთა გამო თავისი წილი თიხა და ღორღი მოზიდა, ცოდვები და ვაება მოიტანა, შექმნა, ააგო, აღმართა და ააბობოქრა ეს უღელტეხილი. მწყევლის მე, რომელიც ამ სტრიქონებს ვწერ ახლა და თქვენც, ღრმადპატივცემულებო, რომლებიც ამ სიტყვებს კითხულობთ…
…რა ვქნათ ჩვენ, რა გზას დავადგეთ, რით ვუშველოთ იმ მომაკვდავ, მამის ხელში გალურსულ, ჯერ კიდევ მსუნთქავ ბავშვს, რომლის წინაშე მთელი ქვეყნიერება, მთელი ამერ-იმერი საქართველო, თითოეული ჩვენთაგანი დამნაშავეა?!“
ბოლო ორი აბზაცი „დევნილთა უღელტეხილის“ ფინალური ნაწილიდანაა. აქ გარკვევით წერია ფრაზა – „უღელტეხილი-გოლგოთა სრულიად საქართველოს ცოდვებს მიეზიდება.“
და კიდევ – ეს ფინალი მიეკუთვნება ნაწარმოებს, რომელშიც საუბარია როგორც რუსეთის აგრესიის შედეგებზე, ასევე საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების, სახელმწიფო საბჭოს შეცდომებსა და დანაშაულობებზე.
არასწორია ამ ფინალის მიბმა რომელიმე სხვა ტექსტზე (ვთქვათ, კინოსცენარზე), რაც უკარგავს მას თავის მიზანსა და დანიშნულებას (რისთვისაც ის დაიწერა) და უცვლის ორიენტირს. მითუმეტეს, ასე სახეცვლილი.
იმედს ვიტოვებ, რომ ეს გაუგებრობა ადვილად მოგვარებადია.
ახლა შევეცდები მოკლედ ვუპასუხო დანარჩენ კითხვებს (თუმცა, ამ კითხვებს „დევნილთა უღელტეხილთან“ საერთო არაფერი აქვს):
ქართულ ჯარს დედაბუდიანად არავინ არ აუყრია!
თუ რა მოხდა აძიუბჟაში, ჩემთვის უცნობია, არ ვიცი, რა გაქვთ მხედველობაში!
ტამიშში მძიმე, სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობდა, რადგანაც ის პერიოდულად ფრონტის ხაზს წარმოადგენდა!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ – „საზღაური ვზღეთ“ ეს სხვისი ფრაზაა!
მე არ ვიცი არც ერთი შემთხვევა, რომ ქართველს საკუთარი სახლი დაეწვას!
ომის დროს იყო ბევრი შემთხვევა, როდესაც ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი სიკვდილს, ხიფათს გადაარჩინეს. მე ამ თემაზე რამდენიმე სტატია მაქვს დაწერილი და ასევე მოთხრობების კრებული „სოხუმში მოსალოდნელია წვიმა“!
არ ვიცი ვის ეკუთვნის ქართველების მხრიდან პირის გატეხის, არაკაცობის და ა.შ. და ა.შ. ფრაზა!
ძვირფასო მეგობრებო, მოგვიანებით კიდევ ერთხელ და გულისყურით ვნახავ ამ ფილმს და მხოლოდ მერე დავწერ ჩემს შთაბეჭდილებებს მასთან და სხვა თემებთან დაკავშირებით”- წერს გურამ ოდიშარია სოციალურ ქსელში.