ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბუქარესტში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში უსაფრთხოების გართულებულ ვითარებაზე ისაუბრა და მონაწილეებს შეახსენა, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა კვლავ არის რუსული ოკუპაცია და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნა.
„უკვე ათწლეულებია ვსაუბრობთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვაზე და საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების პატივისცემის აუცილებლობაზე, თუმცა, ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოების საკითხები და ასი ათასობით ქართველის იძულებით გადაადგილება კვლავ ჩვენ ყოველდღიურ წუხილად რჩება”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა საქართველოს შეუქცევად ევროპულ მისწრაფებებს და რეგიონში არსებულ რთულ პირობებში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
„კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით მუდმივი სპეკულაციები და ამ თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება, მხოლოდ ხელს შეუშლის საქართველოს წინსვლას ევროკავშირისკენ და ხელს აძლევს ჩვენს მოწინააღმდეგეს”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა პარტნიორებთან დიალოგის საჭიროებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს ორმხრივად სასარგებლოს გახდის.
მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა სამწუხარო მცდელობებზე საქართველოს ხალხისა და ხელისუფლების ნების ერთმანეთისგან გამიჯვნის წარმოჩენაზე მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისწრაფვის ევროპისკენ, 85 პროცენტზე მეტს სურს ევროკავშირში წევრობა და ამ ადამიანების უმეტესობა, თავის ევროპულ მომავალს სწორედ იმ პოლიტიკურ ძალას ანდობს, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია.
მან ასევე აღნიშნა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის ქვეყნის მშვიდობიანი, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა.
„დიახ, არ არის მარტივი ამოცანა ამ ტურბულენტურ დროში, იზრუნო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე და, ამავდროულად, უზრუნველყო სტაბილური დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია ჩვენი ევროპული მომავლისთვის”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
გამოსვლის დასასრულს მან აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მნიშვნელოვანია პარტნიორების ობიექტური და სამართლიანი შეფასებები და მოპყრობა.
„ძვირფასო კოლეგებო, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას მცდარი აღქმების საფუძველზე! შეხედეთ ციფრებს და ეძიეთ ფაქტები და ბევრად მეტ პასუხს მიიღებთ ფაქტებისგან, ვიდრე არასაჭირო სპეკულაციებისგან” , – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით ასამბლეის დასკვნით რეზოლუციის პროექტში, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის საკითხთა კომიტეტის თავში შევიდა დამატება, რომელიც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში, რუსეთის მიერ მიმდინარე ოკუპაციის შედეგად არსებულ რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც ასევე აისახა დეკლარაციის საბოლოო ტექსტში.