„ევროპის მოედნიდან ევროპული მარშით თბილისში” – ამ ლოზუნგით ბათუმში, ევროპის მოედანზე, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან.
ორგანიზატორების თქმით, “თბილისის ძალა უკვე ნახა ბიძინა ივანიშვილმა, დროა რეგიონებიც შეუერთდნენ”.
მათივე განცხადებით, კრემლისგან შთაგონებული კანონის მიღებას ქართველი ხალხი არ შეეგუება.
ევროპის მოედანზე შეკრებილები, წუხელ თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ ახალგაზრდებზე რუსეთის დავალებით ფიზიკურად იძალადა და უკანონოდ დააკავა.
“უამრავი ადამიანი არის ქვეყანაში, რომელიც მონობას არ შეეგუება. არ შეეგუება რუსეთში შეთრევის მცდელობას.
ადამიანები, კი რომლებიც არ ეგუებიან მონობას, უნდა დადგნენ თბილისში, რუსთაველზე”, – აცხადებს პარტია “ახალის” წევრი გიორგი კირთაძე.
ამასთან, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ თბილისისკენ აჭარის მუნიციპალიტეტებიდანაც მიემართებიან.
მისივე თქმით, დღეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს ბათუმსა და ქობულეთში საპროტესტო აქციით გააპროტესტებენ. აქცია 19:00 საათზე ბათუმის უნივერსიტეტის შენობასთან გაიმართება.