“ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა ბევრ საკითხზე, მაგრამ იმავდროულად – არაფერზე” – ლევან ბეჟაშვილი

საზოგადოებას ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აღადგენდა პოლიტიკურ ბალანსს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი მნიშვნელოვანი იყო, რათა განთავისუფლებულიყო მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

„საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აღადგენდა პოლიტიკურ ბალანსს, რომელიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა დარღვეული. პრაქტიკულად, ქვეყანამ დღეს ანტიდასავლური კურსი აიღო და ეს ბალანსი მნიშვნელოვანი იყო, რათა განთავისუფლებულიყო მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია და კანდიდატის სტატუსის მიღების ყველა წინაპირობა ამ შემთხვევაში უფრო დაბალანსებული იქნებოდა. თუმცა, პრეზიდენტმა ისაუბრა ბევრ საკითხზე, მაგრამ იმავდროულად – არაფერზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით 31 მაისს წარდგა.