პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ვინაა საქართველოს „გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ მტერი“.
როგორც ის საკუთარი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ ქართველი ხალხი და ევროკავშირი სწორ მხარეს დგას, თუმცა საქართველოს მთავრობა „მნიშვნელოვნად ჩამორჩება“.
„ევროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ნამდვილ ღირებულებებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის დამცველი, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ არის მტერი. 8 ნოემბერს, როცა ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსზე ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებდა, ოკუპანტებმა ჩვენი თავისუფლების, ღირსების და ეკლესიის დაცვისთვის თამაზ გინტური სასტიკად მოკლეს. ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისტორიის სწორ მხარეს დგანან. ასევე, სწორ მხარეს დგას ევროკავშირი. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება“,- წერს „ტვიტერზე“ გიორგი გახარია.
ევროპარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა.
რეზოლუციას, რომელსაც რამდენიმე თანაავტორი ჰყავს, ევროპარლამენტის 495-მა წევრმა დაუჭირა მხარი.