ევროპარლამენტი “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების მოთხოვნაზე რეზოლუციის პროექტს განიხილავს, კენჭისყრას კი 25 აპრილს გამართავს. შესაბამისი რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით – “საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის ხელახლა წარდგენის მცდელობებსა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე” ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული.
დღეს, 23 აპრილს იგეგმება რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი. 25 აპრილს კი რეზოლუციას კენჭს უყრიან.
რეზოლუციით ევროპარლამენტი:
“მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მხარი დაუჭირა კანონს”;
“კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსადმი, განიხილოს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება”;
“ევროკომისიას მოუწოდებს, რომ საქართველოსთვის მთელი ფინანსური დახმარება დამოკიდებული გახდეს იმაზე, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იქნება გაწეული”.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტის ხელახლა წარდგენა საქართველოს ოფიციალური პირების მიერ 2023 წელს გაკეთებულ საჯარო კომენტარებს ეწინააღმდეგება, შესაბამისად, საქართველოს რეპუტაცია დაზიანებულია და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ძირი აქვს გამოთხრილი, ვინაიდან, “უცხოური გავლენების” კანონპროექტი საქართველოს იმავე გზაზე აყენებს, რომელზეც რუსეთის ფედერაცია და მსგავსი ქვეყნები არიან.
რეზოლუციის პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი “უცხოური გავლენის” კანონმდებლობა რუსეთში 2012 წელს მიღებულ კანონის მიხედვითაა მოდელირებული, ხოლო მსგავსი კანონპროექტები ცოტა ხნის წინ მიღებული იქნა ყირგიზეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში.
რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ მსგავსი რუსული სტილი “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს პროევროპულ გზას და კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისადმი მიმავალი ნებისმიერი გადაწყვეტილება პერმანენტულად უნდა შეჩერდეს.
რეზოლუციის ავტორები არიან ევროპარლამენტარები: მირიამ ლექსმანი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე, დავიდ მაკალისტერი, ანდრიუს კუბილიუსი, ისაბელ ვაისლერ-ლიმა, ტრაიან ბასესკუ, ვლადიმირ ბილჩიკი, ანჯეი ჰალიცკი, სანდრა კალნიეტე, ლეოპოლდო ლოპეზ გილი, ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაითი, მიქაელა შოიდროვა და ეუჯენ ტომაკი.