ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის, – ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნების პროექტის ტექსტზე დაყრდნობით წერს.
Reuters-ის ცნობით, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნების პროექტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“.
„ევროპული საბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები უზრუნველყოს“, – ნათქვამია სამიტის დასკვნების პროექტში.
სააგენტო წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან.