ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა ითხოვს დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ პაუზას, რათა ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთი შევიდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ შევძელით ერთ განცხადებაზე შეთანხმება ევროკავშირის 27-ვე წევრის სახელით. ამ განცხადებაში ქვეყნები ითხოვენ დაუყოვნებლივ ჰუმანიტარულ პაუზებს და დერეფნებს ღაზაში არსებულ მძიმე სიტუაციის მოსაგვარებლად. ჩვენ ვთხოვეთ ისრაელს, რომ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად. ვგმობთ „ჰამასის“ მიერ საავადმყოფოში მყოფი ადამიანების ცოცხალ ფარად გამოყენებას, მაგრამ, ასევე, გამოვხატავთ შეშფოთებას დაბომბვის გამო საავადმყოფოებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო“, – აღნიშნა ბორელმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში საგარეო საქმეთა საბჭო მიმდინარეობს, სადაც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და სომხეთსა და აზერბაიჯანთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.