ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ე.წ. ანგარიში დაუსაბუთებელი და პოლიტიზებულია, დასკვნაში პოლიტიკურად ანგაჟირებული მოსაზრებებია-არჩილ გორდულაძე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში დაუსაბუთებელი და პოლიტიზებულია.

მისივე შეფასებით, დასკვნა პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოსაზრებებს შეიცავს.

„ე.წ. ანგარიში მთლიანად დაუსაბუთებელი და პოლიტიზებულია. ვიცით, საქართველოს მიმართ პოლონეთის დამოკიდებულება როგორია. ადამიანი ასეთ ანგარიშს რომ ხელს მოაწერს, ვხვდებით, მიზანმიმართულად ხდება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგებლების იმ განცხადებების გადაფარვა, რომ აუცილებელია დიალოგი და არ შეიძლება, თავს დაესხა კონსტიტუციურ ორგანოებს, სახელმწიფო ინსტიტუციებს. ვხედავთ, რომ საქართველოს „გაშავება“ ხდება. ჩვენი ინტერესია, ამ ქვეყნის ავის მოსურნე ნებისმიერ სასამართლოში დავამარცხოთ. დასკვნაში პოლიტიკურად ანგაჟირებული მოსაზრებებია“, – განაცაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ეუთო-მ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც განხილულია საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების კუთხით 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. ამასთან, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ „უნდა გაუქმდეს ოჯახური ღირებულებების, გამჭვირვალობის, აგენტების რეგისტრაციის კანონები და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული დებულებები“.