ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც – ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიული პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ქვეყნის შიგნით
„ჯოზეფ ბორელი მათ შორის, და არა მხოლოდ დიპლომატი, არამედ ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. ანუ დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს. კანონია განსახილველი და დემოკრატიული პროცესი რას ითვალისწინებს – კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის, თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. ეს რა თქმა უნდა, ჩარევაა.
დემოკრატიული პროცესი ასე წარიმართება, ასეა ყველა ქვეყანაში – არის პარლამენტი, უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც დისკუსია წარიმართება კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი და ასე იმართება დემოკრატიული დისკუსიები. ამ შემთხვევაში ხდება რა, ოპოზიცია ვერ ამტკიცებს რომ კანონი არის ცუდი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ,“- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა.
„მაგალითად, კობი-ქვეშეთის საავტომობილო გვირაბის პროექტისთვის ჩვენ ავიღეთ სესხი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უცხოური ძალა, კონკრეტული ორგანიზაცია იყო ჩართული კონკრეტული ინტერესის გატარებაში და ეს უცხოური ინტერესი იყო ის, რომ მხარდაჭერა გამოეცხადებინა ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართ, შესაბამისად, უცხოური გავლენის გატარება არ არის აპრიორი უარყოფითი მოვლენა, პირიქით. საქართველოს ხელისუფლება არის გერმანიისთვის და ამერიკისთვის უცხოური ძალა. ასევე ნებისმიერი უცხო ქვეყანა საქართველოსთვის არის უცხოური ძალა, ეს ფაქტის კონსტატაციაა. ინტერესებიც არის ფაქტის კონსტატაცია, ფულს მიყვება ინტერესები, ესეც ფაქტის კონსტატაციაა და ინტერესების გატარებაც, როცა ფულს იღებ და უზრუნველყოფ შესაბამისი პროექტის განხორციელებას, ესეც ფაქტის კონსტატაციაა. ანუ აქ ბრენდირებასაც კი არ აქვს ადგილი, შესაბამისად აქ საერთოდ არგუმენტი არ არსებობს. უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია, ანუ ეს არ არის არგუმენტი.
ეს კანონი არა თუ საფრთხეს შეუქმნის, პირიქით, ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე. ბევრ რამეს ამბობდნენ, იმასაც ამბობდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით ვერ მივიღებდით ვერაფერს ევროკავშირისგან. 27 ელჩის დემარში იყო, წითელი ხაზიაო ასე თქვეს, 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრა, რომ სააკაშვილს თუ არ გავათავისუფლებდით უნდა დაგვევიწყებინა ყველაფერი ევროკავშირთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იყო ტყუილი მესიჯი, რომ თითქოსდა ვკლავდით სააკაშვილს. აქაც ხდება იგივე, ტყუილია, რომ ვითომ ეს კანონი არ ვარგა და არ უნდა მივიღოთ. მაშინ არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა, ახლაც მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ ევროკავშირის მიმართულებით, გაიხსნება მოლაპარაკებები. მთელი ევროპა დარაზმული იყო სააკაშვილის გასათავისუფლებლად, იმიტომ რომ დარაზმული იყო უცხო გავლენები ევროკავშირზე, მაგრამ ჩვენ გავიტანეთ ჩვენი ბოლომდე, სააკაშვილთან დაკავშირებით ვრცელდებოდა ტყუილი, არ კვდებოდა, სიმულირებდა და შესაბამისად, რასაც გვეუბნებოდნენ ევროპელი პოლიტიკოსები და დიპლომატები, ეს აღმოჩნდა ტყუილი. არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. აქაც კანონზე რომ გვეუბნებიან, რომ არის ცუდი, ესეც არის ტყუილი, ჩვენ გავიტანთ სიმართლეს და გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ჩვენ რომ ბოლომდე გავიტანეთ ყველაფერი, ამიტომ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.