ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში საოცრად დაიწყო და ორ ტურში სამი გოლი გაიტანა. „მონცას“ მან, პირველ საშინაო თამაშში დუბლი გაიფორმა და ბომბარდირთა დავაში უკვე ლიდერია.
ქართველი ფეხბურთელის თამაშს წამყვანი იტალიური გამოცემები გამოეხმაურნენ: „სამი გოლი სერია A-ს პირველ ორ თამაშში, დუბლი „მონცას“ დასამარცხებლად. ჯერ შედევრი ინსინიეს სტილში, შემდეგ ნაქარგი გოლი დრიბლინგით. ვინც ამ ორ ტურში „ნაპოლის“ თამაში ნახა, მიხვდა, რომ „აძურიში“ ფენომენი მოვიდა. ხვიჩა კვარაცხელია, 21 წლის ქართველი ტალანტია და ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ტოპფეხბურთელი გახდეს. ის იყო სპალეტის პირველი ორი გამარჯვების შემოქმედი ამ სეზონში”, – წერს Corriere Dello Sport-ი.
„ქართველის წარმოუდგენელი სტარტი. სამი გოლი ორ თამაშში – თავით, მარჯვენა და მარცხენა ფეხებით. ნამდვილად სრულყოფილი მოთამაშეა“, – ეს უკვე Gazzetta Dello Sport-ია.
„ნაპოლი“ ოცნებობს „მარადონას“ ახალი კერპისა და მატჩის ვარსკვლავის, კვარაცხელიას ჯადოქრობებით. ქართველის შესანიშნავი დუბლი, რომელმაც ახალი პუბლიკის წინაშე პირველივე მატჩში აჩვენა ხასიათი და ოსიმენთან ჩინებული ჰარმონია. სპალეტის შეუძლია გაიღიმოს ორი ტურისა და ორი გამარჯვების შემდეგ, რადგან სკამზე ნდომბელე, რასპადორი და სიმეონეც ჰყავს“, – წერია Tuttosport-ის ვებგვერდზე.
„ის „სტადიო მარადონას“ ახალი კერპია და მასთან ერთად ყველა ოცნება ლეგიტიმურია“, – წერს Calciomercato.
“მარადონას სტადიონზე, “ნათლობისას” ნეაპოლის ცისფერ ცაზე, ვარსკვლავი დაიბადა. მას ძნელად წარმოსათქმელი გვარი და უსაზღვრო ნიჭი აქვს. ქართველი თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში იდუმალებით მოცული მზერით ანათებს სცენას და ბურთის სუფთა აბრეშუმისებრი ალერსით გააქვს გოლი. შემდეგ კუპიდონის (სიყვარულის ღმერთი რომაულ მითოლოგიაში) ისარივით იჭრება ნეაპოლელთა გულებში.
მესამე ისევ კვარამ გაიტანა – ყინულის თვალების მქონე ოქროს ბიჭმა და კრისტალურმა ტალანტმა. უწოდეთ მას ქართველი ან, უბრალოდ, გამოცხადება. ეს “მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას დიდების პირველი საღამოა. ისტორია უკვე კალმით იწერება” – ასე შეაფასა ქართველის თამაში კლუბის საიტმა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს ორ ტურში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს და ამ წუთისთვის ბომბარდირთა დავაში პირველ პოზიციაზეა. სხვათა შორის, 2010 წლიდან მოყოლებული ედინსონ კავანის, ხოსე კალეხონისა და ლორენცო ტონელის შემდეგ კვარაცხელია “ნაპოლის” მეოთხე მოთამაშეა, რომელმაც სერია A-ს საწყის ორ თამაშში გაიტანა.
„ნაპოლის“ ორ ტურში 6 ქულა აქვს და „ინტერთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 28 აგვისტოს, სტუმრად ფლორენციის „ფიორენტინას“ შეხვდება.