“მე არ ვარ შურისმაძიებელი ადამიანი. გაივლის დრო და ის ხალხი, ვინც ამ დღეებში ყველაფერი იკადრა, ნელ-ნელა ისევ დაბრუნდება ჩემთან, ზოგი ბოდიშით, ზოგი არშემჩნევით და არც მე შევიმჩნევ – ისევ გავუწვდი ხელს და ღიმილიანი დუმილით ვეტყვი, რომ ადამიანად ყოფნის უპირატესობა, ფერისცვალების უნარს ეფუძნება”- წერს სოციალურ ქსელში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.
“დილა მშვიდობისა.დღეს ორშაბათია.ამ ორი კვირის მანძილზე, მე მოვისმინე და ავიტანე ყოველგვარი სიბინძურე და ცილისწამება, დაგეგმილი და მოულოდნელი, სრულიად სხვადასხვა წრიდან. ყველა ტალახი იყო უსაბუთო და გამიზნული იმისთვის, რომ ფეხზე ძლივს წამომდგარი, ისევ წავქცეულიყავი და სულ მცირე – კვლავ თვეობით გაუქმებულიყო ჩემი ცხოვრება.
ცხადად ვხედავდი, როგორ იოლად გადავიქეცი ზოგი ჯგუფისთვის და მედიისთვის, მხოლოდ სწორი სიტყვებისა და საქმის გამო, ორ კვირაში, მისაბაძი ქართველიდან უმსგავსოდ და ყველაფრის ჩამდენად. როგორ ჩაიგუბეს პირში წყალი ვიწრო შიშების გამო მეგობრებმა და როგორ მიცავდნენ სრულიად უცხო ადამიანები. ვიდექი მტკიცედ და მგონი რომ ღირსეულად. ვცემდი პასუხებს, ხან მცირე ირონიით, ხან ვრცლად და სერიოზულად, ხან ღელვით – არ გამილანძღავს არავინ და თითიც არავისკენ გამიშვერია. თუმცა ესეც ითქვას – ამ ნიაღვრის საპირწონედ იყო გაცილებით დიდი და სუფთა მდინარე – ათიათასობით ადამიანის ყოველდღიური წერილი, საოცარი მხარდაჭერითა და სიყვარულით სავსე, მათიც – ვისგანაც საერთოდ არ ან უკანასკნელად ველოდი.
მე არ ვარ შურისმაძიებელი ადამიანი. გაივლის დრო და ის ხალხი, ვინც ამ დღეებში ყველაფერი იკადრა, ნელ-ნელა ისევ დაბრუნდება ჩემთან, ზოგი ბოდიშით, ზოგი არშემჩნევით და არც მე შევიმჩნევ – ისევ გავუწვდი ხელს და ღიმილიანი დუმილით ვეტყვი, რომ ადამიანად ყოფნის უპირატესობა, ფერისცვალების უნარს ეფუძნება. რომ მე და თქვენ შეგვიძლია გადავლახოთ წარსული, გავუმჯობესდეთ და ვაპატიოთ ერთმანეთს – რომ მე ამისთვის მზად ვარ. მანამდე კი საქმეებს შევუდგები. ადვილია? – არა. მაგრამ თქვენგან ნაჩუქარი ძალა და სურვილები შემაძლებინებს. ეს დღეები მართლა შესაძლებლობის ზღვარზე ვიარე და ყველას ბოდიში, თუკი უნებლიედ რამე ვაწყენინე და ყველას მადლობა, ვინც ერთი მართალი სიტყვა გაიმეტა ჩემთვის,” -წერს გიორგი კეკელიძე.