ექვსი “კოჭლი” მამაკაცი და ერთი ქალი – ჯორჯა მელონი: გაიცანით 2024 წლის “დიდი შვიდეული”-Politico

“დიდი შვიდეულის” (G7) სამიტი, რომელიც იტალიაში გაიხსნა, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს შვიდი ყველაზე განვითარებული ქვეყნების ლიდერთა ყველაზე სუსტ შეხვედრას წარმოადგენს, რომელიც კი ბოლო წლებში გამართულა“, – ნათქვამია სტატიაში, რომელიც ამერიკულმა გაზეთმა „პოლიტიკომ“ (Politico) გამოაქვეყნა თავის ევროპულ ვერსიაში, სათაურით „ექვსი „კოჭლი“ მამაკაცი და ერთი ქალი – ჯორჯა მელონი: გაიცანით 2024 წლის „დიდი შვიდეული“ (ავტორები – ჰანა რობერტსი, ერიკ ბაზეილი, ტიმ როსი). „პოლიტიკური თვალსაზრისით, სამიტის ყველა მონაწილეთაგან მხოლოდ ჯორჯა მელონი გრძნობს თავს თავის პოსტზე მტკიცედ და დამაჯერებლად“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიის შინაარსს:

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრა, რომელიც გუშინ იტალიის სამხრეთში მდებარე ქალაქ ბერგო-ენიაცში გაიხსნა, უფრო მეტად გამოსამშვიდობებელ ვახშამს ჰგავს, ვიდრე დასავლური ძლიერების დემონსტრირებას. კურორტზე შეიკრიბნენ სტუმრები და მასპინძელი – ექვსი „კოჭლი“ მამაკაცი და ერთი ქალი – ჯორჯა მელონი, რომელიც თავს ყველაზე მტკიცედ გრძნობს თავის თანამდებობაზე.
მაშინ როცა, უკრაინაში და ახლო აღმოსავლეთში უმძიმესი ომები მიდის, ევროკავშირში ხელისუფლების ცენტრებს ულტრამემარჯვენეები და ნაციონალისტები უტევენ, დემოკრატიული მსოფლიოსათვის სასწრაფოდ არის აუცილებელი „დიდი შვიდეულის“ სახით მსოფლიოს ძლიერი ლიდერები დაინახოს. იოცნებეთ, ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
ძალიან ბევრი ნიშნით, „ძლიერთა ამა სოფლისას“ იტალიური შეხვედრა ბოლო წლების ისტორიაში ყველაზე სუსტი სამიტია. შეკრებილთა უმრავლესობას წინ უამრავი პრობლემები აქვთ – არჩევნებიდან დაწყებული, საშინაო კრიზისული მოვლენებით დამთავრებული. ისინი ხელისუფლების სავარძლებს სასოწარკვეთილი სახეებით ებღაუჭებიან.

ასე, მაგალითად, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები, ემანეულ მაკრონი და რიში სუნაკი ვადამდელ საარჩევნო კამპანიას ატარებენ, რომლებიც მათ იმ ბოლო მცდელობისა და იმედით გამოაცხადეს, რომ იქნებ დაკარგული პოზიციები როგორმე დაიბრუნონ.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გასულ კვირაში, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად ულტრამემარჯვენე ნაციონალისტებმა ისე დაამარცხეს, რომ შეიძლება ისიც მალე დაემშვიდობოს თავის პოსტს.

ჯასტინ ტრიუდო, რომელსაც კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 9 წლის განმავლობაში უკავია, ღიად აცხადებს, რომ დაიღალა შეუსვენებლივი დაძაბული მუშაობით, აღარ უნდა პრემიერობა და წასვლას აპირებს.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა ყველაზე დაბალ პირად რეიტინგს აჩვენებს წლის ბოლოსთვის დაგეგმილი შიდაპარტიული არჩევნების წინ.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მისი ვაჟის – ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის გამო, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას – შეიძლება ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები წააგოს და იძულებული გახდეს თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი დონალდ ტრამპს დაუთმოს.

მხოლოდ იტალიელი სენიორა, ჯორჯა მელონი გრძნობს თავს მშვიდად და დამაჯერებელ გამარჯვებებს აღწევს – ერთი ფეხზე მტკიცედ მდგარი ქალი ექვს „კოჭლ“ მამაკაცს შორის“.

რასაკვირველია, მზიურ იტალიაშია ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც, შეიძლება ითქვას, ინერციით ასრულებს თავის „სამსახურებრივ მოვალეობას“ – მისი უფლებამოსილების შემდგომი გაგრძელება ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის პრეროგატივას წარმოადგენს.
და მაინც, სამიტის პირველ დღეს, „კოჭლობის“ მიუხედავად, „დიდი შვიდეულის“ წევრებმა უკრაინის დასახმარებლად მაინც მოახერხეს გარკვეული წარმატების მიღწევა: მათ შეათანხმეს რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების მექანიზმი უკრაინის დასახმარებლად, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ასევე მონაწილეობს შეხვედრაში – მაგრამ „მიწვეული სტუმრის“ სტატუსით – ხელი მოაწერა ჯო ბაიდენთან უსაფრთხოების ხელშეკრულებას, ათი წლის ვადით. დოკუმენტი ითვალისწინებს სამხედრო დახმარების გაწევას, უკრაინელი ჯარისკაცების სწავლებას, სამხედრო მრეწველობის განვითარებას, სადაზვერვო მონაცემების გაზიარებას.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა თავის „იქს-ქსელში“ (ყოფილ ტვიტერში), კიევი მიიღებს კრედიტს 50 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომელიც გადახდილი იქნება რუსული აქტივების მომავალი პროცენტებით.

სამიტის მასპინძელმა ჯორჯა მელონიმ დააზუსტა, რომ საკითხი რუსული აქტივების კონფისკაციას არ ეხება: „ჩვენ ვიხილავთ არა რუსეთის კუთვნილი აქტივების ჩამორთმევას, არამედ მათი ბრუნვის შედეგად მიღებულ პროცენტებით სარგებლობას, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება“. სხვათა შორის, უკრაინის ამგვარი დახმარების ინიციატივა აშშ-ის ადმინისტრაციას ეკუთვნის.

წყარო: