ბატონო იაგო, თქვენ ძალიან ოსტატურად, ენაწყლიანობით ცდილობთ შეფუთოთ ის, თუ როგორ თამაშობთ „ნაციონალური მოძრაობის“ თამაშს. გუშინაც და დღესაც ამას სიცილ-სიცილ, კისკის-კისკისში აკეთებთ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გირჩის“ დეპუტატს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც მიხეილ სააკაშვილთან “ვივამედის” კლინიკაში დეპუტატების შესვლის უფლების აღდგენა მოითხოვა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და ამიტომაც ზის ციხეში.
„გასაგებია, თქვენთვის სასაცილოა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მძიმე დანაშაულებში დამნაშავე. თქვენ რომ ამას აბაიბურებთ და პოლიტიკაზე საუბრობთ, ადამიანმა სიკვდილამდე აცემინა პარლამენტის წევრი. უბრალოდ, სპორტსმენი იყო ის ადამიანი და გადარჩა. ამის გამო ზის ციხეში და მისჯილი აქვს. მოკლეს ახალგაზრდა ადამიანი და ხელი დააფარა, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დამნაშავეები გარეთ გამოეშვა. ამისთვის ზის ადამიანი ციხეში. რა პოლიტიკაზე საუბრობთ ვერ გამიგია, აბსურდის თეატრია. ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის და დღემდე არის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, რა პოლიტიკაზე საუბრობთ? სირცხვილი იცით რა არის? საერთოდ როგორ საუბრობთ ამაზე? სისხლის სამართლის დამნაშავეზე საუბრობთ, რომელ პოლიტიკაში ჩართულობაზეა საერთოდ საუბარი, კიდევ შესვლას და პოლიტიკურ პაემნებს ითხოვთ. ხომ აბსურდია, რომ დამნაშავეები გინდათ იყოთ პოლიტიკაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.