ფრანგულმა გაზეთმა „ლე ფიგარომ“ (Le Figaro) გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია სათაურით „პრეზიდენტი ომში მიდის?“, რომელშიც გაკრიტიკებულია ემანუელ მაკრონის განცხადება უკრაინაში საომრად ფრანგი ჯარისკაცების შესაძლო გაგზავნის თაობაზე.
„ხომ არ ცდილობს სახელმწიფოს მეთაური მოსახლეობის ყურადღების გადატანას იმ საშინაო პრობლემებიდან, რომლებიც საკადრო ცვლილებმა და კატასტროფულმა აგრარულმა პოლიტიკამ გამოიწვია? – ნათქვამია სტატიაში.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
ქვეყნის ხელმძღვანელებისაგან ფრანგები ბრძნულ გადაწყვეტილებას ელოდებიან, ემანუელ მაკრონი კი ისე ლაპარაკობს, თითქოს აღფრთოვანებულია თავისი უნარით ტაბუ გააუქმოს და [არასწორი ნაბიჯი გადადგას]. საყოველთაოდ ცნობილია მისი წინააღმდეგობრივი პოზიცია: ჯერ იყო და ქადაგებდა, რომ ვლადიმერ პუტინის დამშვიდებას შევძლებო, ახლა კი პირველმა დაიწყო ლაპარაკი რუსეთთან უშუალო ომის დაწყების თაობაზე. როგორც ჩანს, ვერ გათვალა და იზოლაციაში აღმოჩნდა: მისმა პარტნიორებმა და კოლეგებმა სასწრაფოდ განაცხადეს, რომ პარიზის სამიტზე მსგავსი გეგმების განხილვა არ მომხდარაო.
ამიტომაც ჩვენ კითხვა გვებადება: რის მიღწევას ცდილობს ემანუელ მაკრონი, როცა ომის გამჩაღებლის მანტიით იმოსება? იქნებ ვლადიმერ პუტინზე შთაბეჭდილების მოხდენა უნდა? მაგრამ ასეთი მუქარებს თან უნდა ახლდეს საიმედო შემკავებელი პოტენციალი – რუსეთის პრეზიდენტი ხომ უგრძნობია დასავლელი ლიდერების გაფრთხილებების მიმართ, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი.
იქნებ ემანუელ მაკრონს დასავლური საზოგადოებრივი აზრის მომზადება სურს სიტუაციის გარდაუვალი გაუარესების შესახებ? მაგრამ ამით საპირისპირო შედეგს მიიღებს… ამომრჩევლები მხარს არ დაუჭერენ მაკრონისეულ ევროპის სტრატეგიული ავტონომიის იდეას, თუ ის რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაციის გამომწვევი იქნება.
რჩენა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ემანუელ მაკრონი ასე ლაპარაკობს. ქვეყნის შიგნით მომხდარი ყველანაირი რყევისა და საეჭვო საკადრო ცვლილებების შემდეგ მოსახლეობის პრეზიდენტმა თითქოს ჯარების სარდლის სამხედრო ფორმა მოირგო ვლადიმერ პუტინის შესაშინებლად, მაგრამ იგი არც არმიას არ იყენებს და არც საბრძოლო მასალებს, კრემლს მხოლოდ სიტყვით ემუქრება. ემანუელ მაკრონს მსგავსი რამ ადრეც აქვს გაკეთებული, როცა „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლველად კოალიციის შექმნას ცდილობდა“, ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.
„ლე ფიგაროს“ პუბლიკაციას ბევრი მკითხველი კომენტარებით გამოეხმაურა. გაგაცნობთ ზოგიერთ მათგანს, რომლებშიც გამოხატულია როგორც კრიტიკული (ნეგატიური), ისე მხარდამჭერი (პოზიტიური) თვალსაზრისები:
„ამ ადამიანს საკუთარი შვილები არ ჰყავს და გადაწყვიტა ჩვენი შვილები მსხვერპლად გამოიყენოს“;
„მაკრონი აფრიკიდან გამოიქცა, მან მალი ვერ შეინარჩუნა და ახლა სურს ჩვენი შვილები რუსეთთან ომში გაგზავნოს, რომელიც საფრანგეთს არანაირად არ ემუქრება. შევცდით, მაკრონი რომ პრეზიდენტად ავირჩიეთ“;
„პრეზიდენტი ნორმალურად ვერ აზროვნებს. საკუთარი თავის განდიდებისათვის ჩვენი შვილების შეწირვა უნდა“;
„მაკრონი თეატრის მსახიობია და არა სახელმწიფო მოღვაწე. ისეთ სისულელეებს ლაპარაკობს, რომ სხვების დასაცინი ხდება და ამას ვერც გრძნობს“;
„რას ერჩით მაკრონს? ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც ომი უნდა, კრემლში ზის – ფაშისტი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი. მან უკვე ასი ათასობით ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია“;
„რატომ დასცინით მაკრონს? გაიხსენეთ, რომ ჩერჩილსაც აყენებდნენ შეურაცხყოფას, დე გოლს სულელად თვლიდნენ, მათი ნათქვამი კი გამართლდა… ხვალ შეიძლება სამხედრო სიტუაცია შეიცვალოს და ვლადიმერ პუტინმა უკრაინა დაიკავოს… ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ, თორემ შემდეგ გვიან იქნება“.