ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩინური კონსორციუმის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში სიცრუეს უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი სანქცირებულთა სიაშია.

„გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის (China Communications Construction Company Limited) სანქციებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. კომპანიის მიმართ არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში“, – აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საბოლოო წინადადება წარადგინა ჩინურმა კონსორციუმმა, რომელიც გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება.