“დონალდ ტრამპის მარცხი აშშ-ის პოლიტიკის სტაბილიზებას მთელი თაობის განმავლობაში უზრუნველყოფს”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 4 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპის მარცხი აშშ-ის პოლიტიკის სტაბილიზებას მთელი თაობის განმავლობაში უზრუნველყოფს”(ავტორი – ჯანან განეში).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

არსებობს ასეთი გამოთქმა – „აშშ-ის უმნიშვნელო საპრეზიდენტო არჩევნები“. ანუ ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ამით ამერიკაში ბევრი არაფერი არ შეიცვლება: მართლაცდა, რა დიდი გარდამტეხი ცვლილება მოხდებოდა აშშ-ის პოლიტიკაში, ბილ კლინტონს რომ 1996 წელს არჩევნები წაეგო და ბობ დოულს გამარჯვნა? ან ჯორჯ ბუშ-უმცროსი რომ დამარცხებულიყო ჯონ ქერისთან მეტოქეობაში? არავითარი საფუძველი არ იქნებოდა გვევარაუდა, რომ ჩვენ ახლა სრულიად სხვა სამყაროში ვიცხოვრებდით – პრინციპში, ყველაფერი ძველებურად იქნებოდა.

მაგრამ ხდება გამონაკლისებიც. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნები.

მაინც რა არის განსაკუთრებული აშშ-ის წლევანდელ არჩევნებში? თუ დონალდ ტრამპი წააგებს, მაშინ ნაკლები შანსები იქნება იმისთვის, რომ ამერიკა და მისი პოლიტიკა სტაბილიზდება მთელი თაობის განმავლობაში.

„სტაბილიზება“ არ ნიშნავს „ლუქსემბურგად გადაქცევას“. პოლარიზება, რა თქმა უნდა შენარჩუნდება, მაგრამ ის, რომ ბევრს ჰგონია – ტრამპიზმი თვითონ დონალდ ტრამპს გადაიტანსო – აშკარად სინამდვილეს არ შეესაბამება. ეს აზრი სულ უფრო მყიფე ხდება, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო.
2024 წლის გაკვეთილი ამ ეტაპზე იმაში გამოიხატება, რომ ამერიკულ პოპულიზმს დონალდ ტრამპის ჩანაცვლება ძალიან გაუჭირდება. იანვარში რონ დესანტისი, რომელიც დონალდ ტრამპის პლატფორმას ხელმძღვანელის კომპეტენტურობას უთავსებდა, საარჩევნო რბოლას ჩამოშორდა. ივლისში საპრეზიდენტო-საარჩევნო არენაზე ჯეიმს ვენსი გამოჩნდა, არა როგორც მხოლოდ ვიცე-პრეზიდენტი, არამედ როგორც MAGA-ს („დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“) მემკვიდრედ. მანამდე არაფერი არ მიანიშნებდა იმას, რომ ჯეიმს ვენსი ამისთვის მზად იყო. კიდევ ერთი პიროვნების – ვივეკ რავასვამის – საჯარო კარიერამ „წყალში დაყვინთა“.

ისინი, ვინც შეეცდებიან დონალდ ტრამპის იდეების გამგრძელებლები იყვნენ უახლოეს წლებში (ვთქვათ, თაკერ კარლსონი), მას ვერანაირად ვერ შეედრებიან – დონალდ ტრამპს მნიშვნელოვანი უნიკალური უპირატესობა აქვს: ის პოლიტიკური „ვარსკვლავია“ (ასეთები ქვეყანაში მხოლოდ ორი ან სამი თუ მოიძებნება). დონალდ ტრამპზე და მის იდეებზე „მიჯაჭვულები“ არიან მილიონები…

მაგრამ არის იმის საფრთხე, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ამერიკა არ დაწყნარდება და საზოგადოებაში შექმნილი წინააღმდეგობები მომავალშიც გაგრძელდება. პოპულიზმი შეიძლება გარკვეულ მომენტში პოზიტიური იყოს, მაგრამ მუდმივი პოპულიზმი საბოლოოდ ქვეყანას პრობლემების წინაშე აყენებს. განსაკუთრებით საპრეზიდენტო მართვის პირობებში.
ბევრი კონსერვატორი, რომლებსაც დონალდ ტრამპი სძულთ, მხარს კამალა ჰარისს დაუჭერს, მაგრამ არა თავიანთი დიდი ბუნებრივი სურვილით, არამედ დონალდ ტრამპის გამო. არჩევნებამდე დარჩენილ დროში დემოკრატებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათი კანდიდატი სტაბილურობის გარანტს წარმოადგენს, თორემ არ არის გამორიცხული, რომ ვინმე კიდევ ერთ დონალდ ტრამპის სახით გამოჩნდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: