ქვეყნის ევროინტეგრაციის თემასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი მქონდა – დიპლომატებმა კიდევ ერთხელ მიიღეს მითითება და დავალება იმის თაობაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი მაქსიმალურად ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი არა თუ არ გადადებულა, არამედ პირიქით, მაქსიმალური ინტენსივობით გაგრძელდება.
„ეს არის რეალობა და ყველაფერი დანარჩენი არის სიყალბე. ამ სიყალბეს შეგნებულად ავრცელებს რადიკალური ოპოზიცია და მასთან დაკავშირებული მედია. სამწუხაროდ, ამ დეზინფორმაციულ კამპანიას ევროკავშირის ელჩიც შეუერთდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
28 ნოემბრის ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ. მისივე თქმით, 2028 წლის ბოლომდე ხელისუფლება უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.