„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმებიან და ოფიციალურ თეირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„მოვუწოდებთ მოლაპარაკებების განახლებისკენ, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ყოვლისმომცველი, შემოწმებადი და ძლიერი შეთანხმებით უნდა დასრულდეს“, – ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
სააგენტო აღნიშნავს, რომ გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელთან და ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. ისრაელ-ირანის კონფლიქტი რეგიონში შეშფოთების საგნად იქცა.
ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებამდე ვაშინგტონმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა, ხოლო ირანმა საპასუხოდ კატარში მდებარე ამერიკულ ბაზას შეუტია.
Reuters-ის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები მკაცრად მოუწოდებენ „ყველა მხარეს თავი აარიდოს ისეთ მოქმედებებს, რამაც, შესაძლოა, რეგიონის უფრო დიდი დესტაბილიზაცია გამოიწვიოს“.

