საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა წარადგინა ანგარიში „დიასპორისა და კავკასიის საკითხები რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობაში“.
ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა კომიტეტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით განხორციელებული სამუშაო და სამომავლო გეგმები, ისაუბრა უცხოეთში მოღვაწე ქართველი მკვლევარების ჩართულობით მიმდინარე სამეცნიერო პროექტებსა და კავკასიოლოგიის მიმართულების კვლევებზე. ფონდის გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2018 წლიდან უცხოეთის მოქალაქეებსა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე თანამემამულეებს შეუძლიათ იყვნენ ფონდის საგრანტო კონკურსების ბენეფიციარები, როგორც გამორჩეული მეცნიერების, ასევე სხვა კონკურსების ფარგლებში.
ერეკლე ასტახიშვილმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტზე საქართველოს კვლევებისა და განვითარების ეფექტიანობის შეფასების მექანიზმების შესახებ. აღნიშნულმა პროექტმა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქართული მეცნიერების განვითარებას, მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში გლობალური ინოვაციის მიმართულებით საქართველოს უკეთ წარმოჩენას უნდა შეუწყოს ხელი. მან ასევე ისაუბრა ცოდნის ტრანსფერის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ახალი კონკურსის – „ინოვაციის ვაუჩერის“ შესახებ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა: „ჩვენ გვინდა, გამოვიყენოთ თქვენი რესურსები იმისათვის, რომ დიასპორასთან ურთიერთობისა და კავშირების გამყარება, რაც კონსტიტუციითა გათვალისწინებული, მოხდეს ჯეროვნად“. მან ასევე გამოთქვა სურვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რუსთაველის ფონდისა და კომიტეტის თანამშრომლობით ხელი შეეწყოს დიასპორის საკითხების კვლევებსა და პოპულარიზაციას, განსაკუთრებით, დიასპორის როლის მნიშვნელობას, როგორც წარსულში, ასევე, თანამედროვეობაში მომავალი პერსპექტივების ჭრილში.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა კითხვა-პასუხით დასრულდა.