დღეს შინდისის გმირების დღეა!

დღეს, შინდისის ბრძოლიდან 14 წლის თავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი,დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი, ზვიად საბაშვილი, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, სოფელ შინდისში იმყოფებოდნენ, სადაც შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

” ღმერთმა გაანათლოს მათი მედგარი და ძლიერი სული. ერთ რამ უნდა გვახსოვდეს_სანამ დავიწყებთ ერთმანეთისთვის ქვის სროლას, თითოეულ ჩვენგანს უნდა ჰქონდეს ერთი მიზანი_ეს არის ჩვენი ქვეყანა! ამ ქვეყანაში ერთობის, ერთმანეთის გატანის, სიყვარულის გარეშე, არაფერი არ გამოგვივა. დღეს, ამ ბიჭების დაღუპვის ადგილზე, ამ გმირებთან,ჩვენი ვალდებულება მარტო მათი ხსენებით კი არ უნდა მოვიხადოთ, არამედ, ეს ვალდებულება ჩვენი ცხოვრების წესად უნდა გავიხადოთ ყოველდღიურად. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ქვეყანა იქნება ძლიერი და ერთიანი, “-აღნიშნა კობა კობალაძემ.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან გამართული ბრძოლა, ქართველ სამხედროებსა და რუსეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცებს შორის, რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, ნიქოზიდან გორისკენ გადაადგილდებოდა_შინდისში, მატარებლის ლიანდაგს მიუყვებოდა. ქართველმა მებრძოლებმა, საწინააღმდეგო მხრიდან მომავალ ტანკზე ქართული დროშა შენიშნეს. უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, მანქანებში მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს და 5 ქართველი მებრძოლი ადგილზევე დაიღუპა… ტანკები რუსული იყო, დროშა კი _სატყუარა. ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს, როგორ გამოჩნდა შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები ქართული დროშებით, როგორ ჩაუსაფრდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, რკინიგზიდან 200-250 მეტრში, ჩახერგეს გასასვლელები და ააფეთქეს ქართული საბრძოლო შენაერთის მანქანები.

სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. რუსული საბრძოლო შენაერთის მეთაური გაოგნდა ქართველების წინააღმდეგობით და გადაწყვიტა, რომ მათი ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ რადიოკავშირის საშუალებით, დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა.

ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა. რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც. ქართველი ჯარისკაცები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ, მაგრამ რიცხვობრივმა უპირატესობამ მაინც თავისი გაიტანა და 17-მა ქართველმა მებრძოლმა, საქართველოს ისტორიას, საკუთარი სისხლითა და თავგანწირვით, გმირობის კიდევ ერთი ფურცელი შემატა! სანამ მტერი მიაგნებდა, დაჭრილები ადგილობრივმა მცხოვრებმა, ახმეტა ხუციშვილმა, ტყეში გადამალა და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა; დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დამწვარ-დასახიჩრებული სხეულები კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს პატრიარქისა და სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ დაუბრუნდა ოჯახებს.

2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი, გმირთა მემორიალად იქცა_ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, გმირების დაღუპვის ადგილზე, ერთგვარი მუზეუმი მოაწყვეს, სადაც 17 გმირის პირადი ნივთები, ჩაფხუტები, იარაღი, ქართული სამხედრო ფორმის დამწვარი ნაწილები ინახება. 2020 წელს, შინდისის გმირების მემორიალს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში კიდევ ერთხელ დაიბადნენ საქართველოსთვის_გმირებად! 17 ქართველი მებრძოლი_ ალექსანდრე ონიანი, რომან ზოიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მიხეილ დვალიშვილი, ირაკლი ჯანელიძე, ილია შეყლაშვილი, მარლენ ბარამია, ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, შმაგი კუპატაძე, ფელიქს კაკაურიძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე, ლევან მელქაძე, ილია გაბუნია, თეიმურაზ ბერიძე, ზვიად კაცაძე, კახა კოშაძე.

დიდება გმირებს!