საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია – ამაზე საკონსტიტუციო სასამართლოში იმსჯელებენ.
უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას თავად სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციას მედიისთვის პასუხი ამ დრომდე არ აქვს.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე განმარტავს, რომ სხდომაზე პრეზიდენტის დასწრება სავალდებულოა. სხდომას სრული შემადგენლობით დაესწრებიან საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 5 დეპუტატი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ – საქმე სალომე ზურაბიშვილის უნებართვო ვიზიტებს ეხება.
სასამართლომ გადაწყვეტილება შესაძლოა დღესვე გამოაცხადოს. სწორედ ამ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, იმსჯელებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განხილვას 12:00 საათზე დაიწყებს.