კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხი განსაზღვრავს პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობას, თუმცა ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გონივრულად – დღეს ქვეყანას სჭირდება პროპორციული არჩევნები 2024 წელს და არა, უკონკურენტო რიგგარეშე არჩევნები, – აცხადებს „ლელოს“ გენერალურმა მდივანი ირაკლი კუპრაძე
მისი თქმით, ჯერჯერობით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობა არ მიდის.
„ოპოზიციური პარტიები და მათ შორის „ლელო“, ვძლიერდებით, ინდივიდუალურ რეჟიმში, ვაშენებთ პარტიულ ორგანიზაციებს რეგიონებში, ვცვლით შინაარსს, რომელიც დღეს საზოგადოებას სჭირდება. თუმცა თუ იქნება რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ დავხვდებით ამ პროცესს მზად. ბოლო კვლევები მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ მარცხდება და ჯამურად ოპოზიცია იგებს არჩევნებს. ამ მოცემულობას ძალიან მარტივად დააყენებს ოპოზიცია. კანდიდატის სტატუსის მიღება არ მიღების საკითხი განსაზღვრავს პოლიტიკური მოვლენების მიმდინარეობას ქვეყანაში. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ძალიან მძიმე დანაშაულებრივი პოლიტიკით, ამ ეტაპზე, საარჩევნო სისტემა დატოვა ისევ დანაშაულებრივად არაკონკურენტუნარიანი, რაც ნიშნავს ისევ მაჟორიტარული სისტემის პირობებში არჩევნების ჩატარებას თუ ეს იქნება რიგგარეშე, 6 თვის შემდეგ კი 2024 წლის არჩევნები ისევ ჩატარდება. შესაბამისად, ოპოზიციამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს გონივრულად, უნდა მიიღოს იმის ფარგლებში რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. ამ ეტაპისთვის, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება პროპორციული არჩევნები 2024 წელს და ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება უსამართლო, უკონკურენტო და დანაშაულებრივი სისტემური არჩევნები, რომელიც შეიძლება ჩატარდეს თუნდაც რიგგარეშე არჩევნების სახით“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.