გლოვის დღეა, ქვეყანას ძალიან მძიმე დღეები უდგას და როგორც ჩანს, წინ კიდევ უფრო მძიმე დღეები და საათები გველის, თუმცა შეიძლება ძალიან მცირედი, მაგრამ იმედი მაინც არსებობს, რომ სასწაული მოხდეს და ერთი გადარჩენილი ვიპოვოთ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისი თქმით, ხალხში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.
„დღეს მეტს ვერაფერს ვიტყვი, გლოვის დროა, მაგრამ მალე მოვა დრო, რომ ხალხში დაგროვებულ კრიტიკულ კითხვებს პასუხი გაეცეს – ვინ ვერ მართა კრიზისი, ვინ დააგვიანა და მერე შეშინებული დაიმალა, რატომ დაიკარგა ყველაზე კრიტიკული პირველი საათები ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად, რა იყო სიმართლე, ვინ დამალა და რა დამალა. ეს კითხვები აუცილებლად დაისმება. დღეს მწუხარების მეტს ვერაფერს ვიტყვი. დღეს მხოლოდ მწუხარებით შემოვიფარგლები, მაგრამ კითხვები აუცილებლად დაისმება“, – განაცხადა ბუჩუკურმა.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.
დღეს საქართველოში გლოვის დღეა.