დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმიდათა ხსენების დღეს აღნიშნავს

11 ივნისს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთა წმინდათა ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს დღესასწაული მოძრავია და სულთმოფენობის შემდგომ პირველ კვირას აღინიშნება. ყოველთა წმინდანთა დღესასწაულზე იხსენიება ყველა წმინდანი ერთად, არა მარტო ცნობილნი, არამედ უცნობნიც. წმინდანებს შეუძლიათ ჩვენ შეგვეწიონ არა მათ მიერ გაღებული ღვაწლით, არამედ სიყვარულით მოპოვებული სულიერი თავისუფლების ძალით. ისინი აძლევენ ჩვენს ლოცვას მეოხების ძალას ღვთის წინაშე. უფლის ანგელოზებთან ერთად წმინდანებს მაცხოვარმა მისცა უნარი, აღასრულონ საკუთარი ნება ადამიანთა შორის სიცოცხლეშივე. ისინი, ასე ვთქვათ, ღვთის ხელები არიან, რომელთა მეშვეობითაც უფალი თავის სასწაულებს აღასრულებს, ამიტომ წმინდანებს სიკვდილის შემდეგაც შეუძლიათ აკეთონ კეთილი საქმეები თანამოძმეთა ჭეშმარიტი გადარჩენისათვის. ეკლესიას სხვადასხვა ხარისხის წმინდანი ჰყავს: წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, მღვდელმსახურნი, მსოფლიო მოძღვარნი, ღირსი ბერები, წმ. მხედარნი, წმ. მეფენი, მკურნალნი, უვერცხლონი და სხვანი. ყოველ ეპოქას წმინდანობის თავისი გამორჩეული ხატი გააჩნდა. ყველა წმინდანი ცნობილი არაა ადამიანთათვის, უფალმა მრავალთა სახელი უცნობი დატოვა. წმინდანები თავის ერთობაში ღვთისმშობლისა და წმ. იოანე ნათლისმცემლის წინამძღვრობით ღვთის დიდებას აცხადებენ კაცობრიობაში: “საკვირველ არს უფალი წმინდანთა შორის მისთა, ღმერთი ისრაილისა.”