დღეს ჩვენ ყველა ტრამპისეულ MAGA-ს იდეას ვიზიარებთ – რას წერს ბრიტანული ჟურნალი

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დღეს ჩვენ ყველა ტრამპისეულ MAGA-ს იდეას ვიზიარებთ“ (ავტორი – ქეით ენდრიუსი, ამერიკელი ჟურნალისტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა 1981 წლის 30 მარტს რონალდ რეიგანს ესროლეს, მისი დაჭრა თავდაპირველად ვერავინ შენიშნა. მხოლოდ მას შემდეგ, როცა პირიდან სისხლი წამოუვიდა, სასწრაფოდ გააქანეს მანქანით საავადმყოფოში. გადმოცემის თანახმად, პრეზიდენტს ექიმებისთვის ხუმრობით უთქვამს – „ვიმედოვნებ, რომ თქვენ რესპუბლიკელი ხართ“. ამბობენ, რომ ერთ-ერთ ექიმს ასეთი პასუხი გაუცია: „მისტერ პრეზიდენტ, ჩვენ დღეს ყველა რესპუბლიკელები ვართ“.

იმედი მაქვს, რომ ამ ანეკდოტის მართებული იდეა არასოდეს უარყოფილი არ იქნება. ძალიან საინტერესო ისტორიასთან გვაქვს საქმე: ამერიკელებმა უყოყმანოდ დააყენეს სახელმწიფოს ინტერესები პოლიტიკაზე მაღლა.

2024 წლის 13 ივლისს მსგავსი პრეცედენტი მოხდა: ჩვენ – ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც – ვიზიარებთ ტრამპისეულ  MAGA-ს იდეას („Make America Great Again“ – „დავუბრუნოთ ამერიკას დიდება“). დღეს ამერიკული პოლიტიკა, ადრინდელთან შედარებით, საკმაოდ დაცემულ-დაკნინებულია, რომ ბევრს არ შეუძლია იმ ექიმივით გულწრფელი სიტყვების თქმა. იმის ნაცვლად, რომ რეიგანივით იმედიანად იხუმროს, ზოგიერთი მოქალაქე, პირიქით, ბენზინს დაასხამს ცეცხლმოდებულ საზოგადოებას.

არადა, დღეს ამერიკას გაერთიანება ჰაერივით ჭირდება. დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთ საკითხში უნდა შეთანხმდნენ – ძალადობა არ უნდა მოხდეს.

ალბათ, უკვე დადგა ცვლილებების დრო. რასაკვირველია, დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთმანეთის კრიტიკას მაინც გააგრძელებენ, მაგრამ როცა პოლიტიკური უკმაყოფილების გამო  მაღაზიის ვიტრინებს ჩაამსხვრევ და ავტომანქანებს ცეცხლს მოუკიდებ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური დისკურსი ძალიან შორს არის წასული.

დღეს დემოკრატიულ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობს იმ მიზნით, რომ მათ დონალდ ტრამპის მიმართ თავიანთი ერთობ მწვავე გამოთქმები შეარბილონ („დესპოტი“, „დიქტატორი“, „მტარვალი“, „აშშ-ის ეგზისტენციალური საფრთხე“ და ა.შ.).

ალბათ, ამის საპასუხოდ, რესპუბლიკური პარტიის წევრები და მათი მხარდამჭერები შეწყვეტენ ჯო ბაიდენის მიმართ ისეთი ეპითეტების ძახილს, როგორებიცაა „დამნაშავე“, „ყეყეჩი“ და ა.შ. არჩევნების შედეგები, სავარაუდოდ, თავიდანვე აღიარებული იქნება ორივე პარტიის მიერ. პოლიტიკური ოპონენტების საპყრობილეში ხელოვნურად ჩაჯენის მცდელობები, ალბათ, შეწყდება.

დონალდ ტრამპი ნოემბერში, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს. ასე მკაფიო და ნათელი მისი წარმატება არასოდეს არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ბოლო ხანებში ჯო ბაიდენმა ბევრ ამერიკელს იმედები გაუცრუა და ტელედებატებში გამოსვლის შემდეგ მისი მარცხის პროცენტი ისედაც მატულობდა, მაგრამ 13 ივლისს დონალდ ტრამპის გასისხლიანებული სახე და მაღლა აწეული მუშტად შეკრული ხელი ამომრჩევლებზე უფრო მეტ გავლენას მოახდენს, ვიდრე ნებისმიერი დებატები.

ამერიკელმა ხალხმა ეს ყველაფერი ღრმად უნდა გააცნობიეროს და აქედანვე უნდა მოემზადოს, რომ არჩევნების ნებისმიერი შედეგი ცივილიზებულად აღიქვას. თუ ჩვენ ასე არ გავაკეთებთ, შედეგები კატასტროფული იქნება.

წყარო