დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც მარტოხელა დედის/მამის სტატუსის მატარებელ პირთა წრე ფართოვდება

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც მარტოხელა დედის/მარტოხელა მამის სტატუსის მატარებელ პირთა წრე ფართოვდება.

“სამოქალაქო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით – 96 ხმით, ერთხმად მიიღეს.

პროექტის თანახმად, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი:

რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;

რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ;

თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად;

თუკი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

ცვლილება შედის “საგადასახადო კოდექსშიც“, რომლის თანახმად, კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გავრცელდება როგორც მარტოხელა დედაზე, ასევე მარტოხელა მამაზე.