თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალურადაა მორგებული.
2023 წლის ბიუჯეტით, 8 ახალი ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო მომავალი წლის დასაწყისში ორი ახალი ბაღის მშენებლობა დაიწყება. შედეგად, 2023 წლის ბოლოს, დედაქალაქს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 10 ახალი საბავშვო-ბაღი ექნება.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, განსაკუთრებით საყურადღებოა ხელოვნების სკოლების მხარდაჭერის პოლიტიკის შენარჩუნება და ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტში 2 სახელოვნებო სკოლის სარემონტო სამუშაოები ფინანსდება, ესენია: რევაზ ლაღიძის სახელობის მე-4 ხელოვნების სკოლა და ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის მე-19 ხელოვნების სკოლა.
„ 2023 წელს დასრულდება მერაბ კოსტავასა და ილია ჭავჭავაძის მუზეუმების სარეაბილიტაციო სამუშაოები და მათი აღჭურვა. ამასთან, თბილისის მერიის და საკრებულოს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი საკრებულოს ისტორიულ შენობაში განთავსდება. მუზეუმს შემეცნებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება, – როგორც ახალგაზრდა თაობისთვის, ისე დედაქალაქის სტუმრებისათვის; ამ მიზნით, სწორედ მომავალი წლის ბიუჯეტით ეტაპობრივად გამოიყოფა ასიგნები, რათა მოხდეს თოჯინების მუზეუმისთვის გამოყოფილი ფართობის სამუზეუმო სივრცედ მოწყობა.
2023 წლის ბიუჯეტით, გლდანის N18, დიღმის მასივში მდებარე ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკის და ზღვისუბნის მედიათეკის თანამედროვე სტანდარტით ინვენტარიზაცია და წიგნადი ფონდით შევსება მოხდება.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, განათლებისა და კულტურის კომისიამ ბიუჯეტზე მუშაობის პროცესში რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შეიმუშავა, რომელიც თბილისის მერიის მიერ გაზიარებულ იქნა.
კულტურის პოლიტიკა წელსაც ითვალისწინებს ადგილობრივი მნიშვნელობის თეატრების სრულყოფილად ფუნქციონირებას; სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ პანტომიმის სახელმწიფო თეატრის პროექტირების სამუშაოები და მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ლისის ტერიტორიაზე 3000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადაეცა ამირან შალიკაშვილის სახელობის პანტომიმის თეატრს.
კახა ლაბუჩიძემ, როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, აღნიშნა, რომ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია უდიდესი მნიშვნელობის და მასშტაბის პროექტი იყო. ფაქტობრივად, ქეთევან დედოფლის გამზირმა დედაქალაქის იერსახე შეცვალა, მოდერნისტული, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამზირი გახადა, რომელიც ტურისტულადაც განსაკუთრებულად მიმზიდველია და ისნის რაიონის მცხოვრებლებისთვის გადაადგილებაც მეტად კომფორტული, გამარტივებული.
2023 წლის გაზაფხულზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვაზისუბნის დასახლებაში დაიწყებს 2 პარკის განახლება-რეაბილიტაციას, რომელიც გულისხმობს საბავშვო სივრცეების, სპორტული მოედნების და სკეიტ-პარკის კეთილმოწყობას.