დასავლეთს მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად დრო ეწურება – ამ სათაურით სტატიას ამერიკული გამოცემა The New York Sun აქვეყნებს.
სტატიაში საბჭოთა დისიდენტი და ისრაელის მთავრობის ყოფილი წევრი ნათან შარანსკი მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრობს.
ავტორი თხრობას იწყებს იმით, რომ “საქართველოდან საგანგაშო ამბები ვრცელდება. მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობები იმდენად მკაცრია, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია”.
გადაჭარბებული არ იქნება იმის თქმა, რომ მისი სიცოცხლე ახლა შესაძლოა, დამოკიდებულია იყოს პრეზიდენტ ბაიდენზე და თავისუფალი სამყაროს სხვა ლიდერებზე, რათა ყველაფერი გააკეთონ ამ ადამიანისთვის, რომელიც დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციასა და რუსული იმპერიალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის – ვკითხულობთ სტატიაში.
“ბ-ნი სააკაშვილი ყოველთვის იყო უნივერსალური ადამიანური ღირებულებების დამცველი, დასავლეთისა და ამერიკის მტკიცე მოკავშირე და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რუსული ჰეგემონიის კრიტიკოსი. მან ქვეყანა წაიყვანა ტრანსფორმაციის გზით, რამაც მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყნად, როგორც აღიარებულია საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ.
ხელისუფლებაში ყოფნის რამდენიმე თვის შემდეგ, პრეზიდენტ სააკაშვილი ევროპისა და ამერიკის ლიდერებმა შეაქეს დემოკრატიისა და თავისუფალი ბაზრის მხარდაჭერისთვის და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ მისი ქვეყნის დე ფაქტო კონტროლის პერიოდის დასრულებისთვის,”- ვკითხულობთ სტატიაში.
ნათან შარანსკი ღიად აღნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დასავლეთზე ორიენტირებული მიდგომის გამო, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის დაკარგვის შიშით, 2008 წელს საქართველოში სამხედრო ინტერვენციის ბრძანება გასცა და ხანმოკლე ომის შემდეგ, რუსეთმა დაიკავა ქვეყნის 20 პროცენტი, ხოლო ოკუპაცია დღემდე გრძელდება.
სტატიაში ასევე წერია, რომ თუ დასავლეთი მიხეილ სააკაშვილის გაფრთხილებებს მოისმენდა და სათანადოდ შეაფასებდა პუტინის იმპერიალისტურ ამბიციებს, “მაშინ ჩვენ დღეს არ მოგვიწევდა რუსეთის ბარბაროსული აგრესიის ხილვა უკრაინაში”.
ავტორი აღნიშნავს იმასაც, რომ სააკაშვილმა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პრაქტიკაც დანერგა.
“სამწუხაროდ, მისი პოლიტიკური კონკურენტი მილიარდერი რუსი ოლიგარქი იყო, რომელიც 2013 წლიდან რჩება ხელისუფლების კულისებში. ის შურისძიებით ცდილობდა ბატონი სააკაშვილის დროინდელი მთავრობის ათობით წევრის დევნას და არაერთი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება წაუყენა თავად სააკაშვილს”,– ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ექსპერტების აზრით, მაღალია ალბათობა იმისა, რომ სააკაშვილი დაექვემდებარა წამებას და სავარაუდოდ, მოწამლულია ქართული ხელისუფლების მხრიდან, რომელიც, როგორც ცნობილია, კრემლის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება.
“ამავდროულად ბატონმა სააკაშვილმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თავისი კომენტარებით ირანზე- “ის თავისი არსებობის ბოლო წლებში მყოფ საბჭოთა კავშირს მაგონებს”, – თქვა მან. და როდესაც ჩემი გაკვირვებული მზერა დაინახა, სწრაფად დაამატა: ოფიციალურად ყველა ლანძღავს ამერიკას, მაგრამ არაოფიციალურად ყველა აღფრთოვანებულია ამერიკით”.
ამ ჩვეულებრივ ორაზროვნებაში მან მომავალი ცვლილებების ნიშანი დაინახა. რევოლუციის ბუნების მისი გაგება ძალიან ჰგავდა ჩემსას. ძალიან ხშირად ვციტირებდი მის შენიშვნას ირანზე.
სამწუხაროდ, როდესაც ხუთი წლის შემდეგ ირანელმა ხალხმა გადალახა ზღვარი ორაზროვნებასა და განსხვავებულ აზრს შორის და დაიწყო რევოლუცია, თავისუფალმა სამყარომ მათ იმედი გაუცრუა. დღეს, როდესაც უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძვის პუტინის აგრესიის წინააღმდეგ, მისი შეჩერება კრიტიკულად მნიშვნელოვანია,”– ამბობს შარანსკი.
ნათან შარანსკი ამბობს, რომ თუ აშშ და მისი მოკავშირეები უახლოეს დღეებში მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილს დაუშვებენ, ეს გაამხნევებს რუს დიქტატორს, რადგან სააკაშვილი იყო პირველი ლიდერი, რომელიც მის იმპერიალისტურ ამბიციებს წინ აღუდგა.
“მიხეილ სააკაშვილი დასავლური ღირებულებების სიმბოლოზე მეტია; ის დემოკრატიისა და პროგრესის მეგობარია და ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მისი სიცოცხლე გადაარჩინონ”,– წერს სტატიაში შარანსკი.