ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “დასავლეთი საქართველოში კრიზისისათვის უნდა მოემზადოს: თბილისი ნეიტრალიტეტისა და რუსული გავლენის სფეროსაკენ დრეიფობს” (ავტორი – ტიმ ჯუდა).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
საქართველო დრეიფობს, დინებას მიჰყვება. პარლამენტის ახალი შემადგენლობის არჩევის წინ, რომელიც მომავალი თვის ბოლოს უნდა გაიმართოს, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ბევრი მოწინააღმდეგე თვლის, რომ ხელისუფლება ყველაფერზე წავა, ყველა ღონეს იხმარს ძალაუფლების როგორმე შესანარჩუნებლად. რუსი მაღალჩინოსნები უკვე აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ ძალადობრივი პროცესები განვითარდება. ქვეყანა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო, ევროკავშირი) ინტეგრაციას, ახლა კურსს ცვლის: საქართველოს ფაქტობრივმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, იგრძნო რა, რომ ძალაუფლება ხელიდან უსხლტება, მან და მისმა თანამოაზრეებმა დასავლური კურსიდან გადაუხვიეს. ამჟამად საქართველო ერთი შეხედვით ნეიტრალურ ტერიტორიაზე მდებარე, სადღაც დასავლურ და რუსულ სამყაროს შორის არსებულ ქვეყანას წარმოადგენს, მის ირგვლივ თითქმის ყველა სახელმწიფო „ბრიკს“-ის (BRICS) წევრია. დასავლელმა ლიდერებმა აუცილებლად უნდა მოამზადონ გეგმა საქართველოში სრულმასშტაბიანი კრიზისის შემთხვევისათვის.
თბილისში დაძაბული ატმოსფეროა შექმნილი. ზოგიერთებს დღეს არსებული ვითარება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს ახსენებს, როცა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაამარცხა. მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ხელისუფლებაში 2004 წელს მოვიდა და მისი მმართველობის პირველი ოთხი წელი ოპტიმიზმითა და პროგრესით გამოირჩეოდა, შემდეგ კი, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული რუსული სამხედრო ინტერვენციისა და მსოფლიო საფინანსო კრიზისის შედეგად, მისი ადმინისტრაცია ავტორიტარიზმმა, ძალადობრივმა მოქმედებებმა და კორუფციამ იმსხვერპლა. იგივენაირი ტრაექტორია მეორდება ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პერიოდშიც.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებზე იმ კანონის მიღების წინააღმდეგ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვისაკენ იყო მიმართული. მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სინამდვილეში ხელისუფლების ხელში გარკვეულ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს – თვალი ადევნოს კორუფციას, გააკონტროლოს მთავრობა და მას პასუხისმგებლობისაკენ მოუწოდოს. მთავრობა ასევე აქტიურად ეწევა პროპაგანდას „ლგბტ-საზოგადოების“ წინააღმდეგაც. ეს ყველაფერი ტრაგედიას წარმოადგენს.
რუსეთ-უკრაინის ომმა საქართველოს წინაშე სრულიად მოულოდნელი შესაძლებლობა გააჩინა, რომლის შედეგად თბილისისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იქნა შეთავაზებული. ალბათ, ქართველთა უმეტესობისაგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილს ამ მოულოდნელი საჩუქრის მიღება ყველაზე მეტად არ სურდა – იმიტომ, რომ ევროკავშირში ინტეგრირება გულისხმობს ქვეყნის მართვის სისტემის სერიოზულ გაუმჯობესებას და მის დემოკრატიზაციას, სასამართლო ელემენტის ჩათვლით. ბრიუსელმა საქართველოს ბლოკში გაწევრიანების პროცესი შეუჩერა, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობას კვლავ ჰპირდება ევროკავშირის შესვლას 2030 წლისათვის.
ოპოზიციური აქტივისტების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარების მიუხედავად, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ხელისუფლება ფაქტობრივად უკვე მათ ხელშია, ბიძინა ივანიშვილმა კი უკვე დაკარგა.
„ქართული ოცნება“ მუდმივად აცხადებს ჩრდილოვანი „გლობალური ომის პარტიის“ საფრთხის თაობაზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებს და რომელსაც განზრახული აქვს საქართველოს ჩათრევა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ „მეორე ფრონტში“. უნდა ითქვას, რომ ქართული ოპოზიცია მრავალფეროვანია, რის გამოც მმართველი პარტია მას „კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს (იგულისხმება დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილის პარტიის სახელწოდება).
არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ თბილისის მოსახლეობა რომ იღებდეს, ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია იოლად გაიმარჯვებდა, მაგრამ ყველაფერი მარტივად არ არის. მაგალითად, პატარა ქალაქ ახალციხეში, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, ადგილობრივი ამომრჩევლები თავიანთ ხმას ყოველთვის სახელისუფლო პარტიას აძლევენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მსგავს ქალაქებში მრავალი სამუშაო ადგილი შექმნილია სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში – მუნიციპალიტეტებში, მერიებში, სამხარეო დაწესებულებებში. ადამიანებს ეშინიათ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში, ხელმძღვანელის თანამდებობას გამარჯვებული პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს და ადმინისტრაციის პერსონალში სამუშაო ადგილებს გადაანაწილებს, კონტრაქტებს გაუფორმებს საკუთარ ახლობლებს, ნათესავებს და მეგობრებს.
ხელისუფლება მოქალაქეებზე ზეწოლას ახორციელებს და მათ აშინებს: თამუნა უჩაძე, რომელიც ანტიკორუფციული ორგანიზაციის Transparency International-ის ახალციხის ფილიალში მუშაობს, ჰყვება, რომ პირადად გახდა მომსწრე იმისა, თუ როგორ მოუწოდებდა ადგილობრივი უნივერსიტეტის პროფესორი, სტუდენტებს მიტინგზე მისულიყვნენ ბიძინა ივანიშვილის პარტიის მხარდასაჭერად. და თუ ისინი ამაზე უარს იტყოდნენ, მაშინ ლექტორი მათ კარგ შეფასებას არ აღირსებდა.
ირაკლი ლაზარაშვილი, ახალციხის მერი „ქართული ოცნებიდან“, ირონიულად უყურებს ოპოზიციის აზრს, რომ მმართველი პარტია მოსკოვთან ახლოვდება. „რუსეთი ჩვენი მტერია, – ამბობს იგი, – „ჩვენს ევროპულ კურსს ვერაფერი შეაჩერებს“.
ანალიტიკოსებისა და სოციოლოგების ვარაუდით, „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციას მხარს უჭერენ ამომრჩეველთა ერთი მესამედი, ხოლო ორ მესამედს ჯერ საკუთარი პრიორიტეტი არ განუსაზღვრავს, ანუ ოქტომბრისათვის შეიძლება საარჩევნო სიტუაცია გაუარესდეს. რუსეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს: კრემლიდან აცხადებენ, რომ ქართული ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში ამერიკა სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს – ერთგვარ „თბილისურ მაიდანს“. რასაკვირველია, [ამერიკის ჩარევაზე ლაპარაკი], უბრალოდ, აბსურდია, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ მართლაც ვერ გაიმარჯვებს, მთავრობას მაინც შეუძლია პრეტენზიები წამოაყენოს და მომხრეები დემონსტრაციებზე გაიყვანოს, ძალადობის პროვოცირების მიზნით.
თუ მმართველი პარტია პატიოსნად და სამართლიანად გაიმარჯვებს, მაშინ თბილისი დასავლეთისაგან დაშორებას გააგრძელებს. თუ არჩევნებს წააგებს, მაგრამ მაინც შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, მაშინ ქართველები იმედის მზერას დასავლეთს მიაპყრობენ… და ამ შემთხვევაში გადამწყვეტი შეიძლება უცხო სახელმწიფოების მოქმედება აღმოჩნდეს.
როგორც ეკა მეტრეველი, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ქართული ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, საქართველო ამჟამად [თითქოსდა] ნეიტრალიტეტისაკენ იხრება, [სინამდვილეში] კი რუსეთის გავლენის სფეროში ექცევა, რაც ქართველების უმრავლესობას არ სურს
მოამზადა სიმონ კილაძემ