პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ, სულ მცირე, 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მივესალმები პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის გენერალურ მდივანს, პარტიის აღმასრულებელ მდივანს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, მივესალმები პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, მივესალმები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს, ჩვენს საპატიო, ღრმად პატივცემულ სტუმრებს, მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს.
როგორც მოგეხსენებათ, დღეს ვხსნით „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას და „ქართული ოცნების“ ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, „ქართულ ოცნებას“ ექნება საკუთარი, თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოს მოუტანა დემოკრატიული გარდატეხა. ქვეყანა გათავისუფლდა უცხოელი აგენტების ავტორიტარული მმართველობისგან, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა შეიწირა. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ადამიანების წამება, ქუჩაში ადამიანების დახვრეტა, ბიზნესზე ძალადობა, მედიის მიტაცება და უამრავი სხვა დანაშაული, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმი ჩადიოდა. „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა ომის პარტია, რომლის ავანტიურამ 2008 წელს 400-ზე მეტი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა, 30 ათასზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე დევნილობისთვის გაწირა და ქვეყანას ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა.
ხელისუფლებიდან აგენტურის და მისი ავტორიტარული მმართველობის ჩამოშორება იყო გარდამტეხი გამარჯვება, რომლისთვისაც ბატონ ბიძინა ივანიშვილს, როგორც ამ ქვეყნის რიგითმა მოქალაქემ, კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო.
12 წლის მანძილზე, „ქართული ოცნების“ მმართველობამ საქართველოს, დემოკრატიულთან ერთად, ეკონომიკური გარდატეხაც მოუტანა:
– 28 მილიარდიდან 80 მილიარდამდე გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა,
– რამდენჯერმე გაიზარდა ინფრასტრუქტურის მშენებლობის ტემპი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურის, სპორტის და სხვა სფეროების დაფინანსება,
– მილიონ 100 ათასიდან თითქმის 700 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს.
გასული 4 წელიწადი განსაკუთრებული სირთულეებით იყო აღსავსე. 2021 წელს ქვეყანამ გამოიარა რევოლუციის პირველი მცდელობა. უკრაინაში ომის დაწყებასთან ერთად, დაიწყო უპრეცედენტო ზეწოლა ქვეყანაზე, რასაც 2022 წლის ივნისში რევოლუციის მეორე მცდელობა მოყვა. გლობალური ომის პარტიის ძალისხმევით, საქართველოს სრულიად უსამართლოდ არ მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რითაც ქვეყანა წელიწადნახევრის განმავლობაში ხელოვნურად შექმნილი ე.წ. პოლარიზაციის რეჟიმში აცხოვრეს. შარშან და წელს ორჯერ გათამაშდა საუკუნის თაღლითობა გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, როდესაც ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული პრინციპი – საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება ანტიევროპულ მოვლენად გამოგვიცხადეს.
ამ ყველაფრის, უპრეცედენტო ზეწოლის, რევოლუციის ორი მცდელობის და ხელოვნურად შექმნილი რყევების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, უზრუნველყო ეკონომიკის უპრეცედენტოდ სწრაფი ზრდა და მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმატებით დაუპირისპირდა ფსევდოლიბერალურ პროპაგანდას და დაიცვა ტრადიციული ფასეულობები, ჩვენი ეროვნული იდენტობის სამი საყრდენი – მამული, ენა და სარწმუნოება. და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველომ განიმტკიცა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა: საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სუვერენული, როგორც არის დღეს.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენი სლოგანია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ. ღირსებას მოაქვს მშვიდობა, მშვიდობას მოაქვს კეთილდღეობა, ხოლო კეთილდღეობას მოაქვს ქვეყნის ევროპული მომავალი.
ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ 12 წლის მანძილზე შეინარჩუნა უწყვეტი მშვიდობა, რომელსაც მომავალშიც განსაკუთრებული გაფრთხილება ჭირდება.
არჩევანი არასოდეს ყოფილა ისეთი იოლი, როგორიც არის დღეს. ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს:
– ურჩევნია ომი თუ ურჩევნია მშვიდობა,
– ურჩევნია მონური თუ ღირსეული დამოკიდებულება გარე ძალების მიმართ
– აირჩევს ლიბერალურ ბოლშევიზმს თუ აირჩევს ტრადიციულ ფასეულობებს
– აირჩევს ბნელ წარსულს თუ აირჩევს ერთიანი საქართველოს ევროპულ მომავალს
დღეს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 60 პროცენტი უჭერს მხარს. ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, მმართველი პარტია საზოგადოების ასეთი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, სინამდვილეში, გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამდენი დანაშაულის ფონზე, ჯერ კიდევ ხმების თითქმის 30 პროცენტის მიღებას ახერხებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან არის თავს მოხვეული და ზუსტად ისეთივე შეუსაბამობაშია მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურასთან, როგორც საუკუნის წინ საქართველოში ბოლშევიზმის აღზევება იყო.
კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო თითოეულ ამომრჩეველს: 2020 ან 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „ევროპული საქართველოსთვის“, „გირჩისთვის“, „ლელოსთვის“ ან გახარიასთვის მიცემულ ხმას რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. ამდენად, 26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს.
მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს. სწორედ ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერის წყალობით შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის მანძილზე 8 არჩევნების მოგება. სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ უკანასკნელი 4 წლის მანძილზე გამკლავებოდა რევოლუციისა და ქვეყნის არევის, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ყველა მცდელობას.
ქართველი ხალხის სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს საქართველოს მშვიდობიანი და ღირსეული ევროპული მომავალი. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რაც არის ერთადერთი უალტერნატივო გზა საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის“.