ციხეში სავარაუდო მოწამვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი „სიკვდილთან ახლოსაა“ – Sky News

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პროდასავლელი მიხეილ სააკაშვილი, ციხეში სავარაუდო მოწამვლის შემდეგ „სიკვდილთან ახლოსაა“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Sky News

გამოცემა წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელმძღვანელობდა 2003 წლის რევოლუციას საბჭოთა გავლენის წინააღმდეგ, აცხადებს, რომ ციხეში მოწამლეს. ამჟამინდელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამას უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის საკმარის საკვებს არ იღებს. 

 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Sky News-თან საუბრისას განაცხადა, რომ იმ საავადმყოფოში, სადაც ციხიდან გადაიყვანეს სიკვდილი უახლოვდება.

გასულ თვეში სააპელაციო სასამართლოში მოისმინეს დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება, რომ სააკაშვილი ციხეში ყოფნისას მოწამლეს.

„საქართველოს ხელისუფლება ამას უარყოფს და აცხადებს, რომ არ დაუშვებს მის ევროპაში სამკურნალოდ გადაყვანას“, – აღნიშნავს გამოცემა. 

მედია წერს, რომ Sky News-ის ჟურნალისტს კლინიკაში შესვლაზე უარი უთხრეს, თუმცა მისთვის კითხვების გადაცემა ადვოკატის მეშვეობით მოახერხეს.

კითხვაზე, რამდენად ახლოს იყო ის სიკვდილთან, სააკაშვილმა უპასუხა:

„თავდაპირველად 120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, თუ 60-ზე ნაკლები გავხდები, ექიმები მრავლობითი ორგანოს უკმარისობას წინასწარმეტყველებენ“. 

ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: 

„სულ საწოლში ვარ. ჩემი ძვლები იშლება და ეს გაუსაძლისად მტკივნეულია“.

ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

„საშინელი სცენაა. ის ჰგავს პატიმარს ნაცისტურ გერმანიაში საკონცენტრაციო ბანაკში“, – განუცხადა ხაჭაპურიძემ SKY NEWS-ს.