„ამერიკას არ შეუძლია დროულად აწარმოოს აუცილებელი რაოდენობის იარაღი. ასეთი სიტუაცია უნდა შეიცვალოს“, – წერს აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი რობერტ გეიტსი სტატიაში, რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ (The Washington Post) 26 სექტემბრის ნომერშია დაბეჭდილი სათაურით „ჩვენ უპრეცედენტო საფრთხის წინაშე ვდგავართ: პენტაგონმა და კონგრესმა მუშაობის მეთოდები უნდა შეცვალონ“. ავტორი თავდაცვის მინისტრის პოსტზე 2006-2011 წლებში მუშაობდა.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი – დონალდ ტრამპიც და კამალა ჰარისიც, აგრეთვე კონგრესის წევრი რესპუბლიკელები და დემოკრატები – ტრაბახით ლაპარაკობენ, რომ ამერიკის სამხედრო უპირატესობას უზრუნველყოფენ, ფაქტია, რომ თავდაცვის სამინისტრო ბოლო 15 ფინანსური წლიდან მე-14 წელს დაუმტკიცებელი ბიუჯეტით იწყებს. ამ თვეში თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა კონგრესს იმ მძიმე შედეგების შესახებ აცნობა, რომელიც შესაძლოა მოხდეს, თუ პენტაგონის დაფინანსების საკითხი არ გადაწყდება. ეს არის კიდევ ერთი მორიგი დადასტურება იმისა, თუ რამდენად განსხვავდება ერთმანეთისაგან ვაშინგტონის პოლიტიკური რიტორიკა აშშ-ის სამხედრო ძლიერების შენარჩუნებაზე და სინამდვილე, რომელიც საკმაოდ დამთრგუნველია.
მე როცა თავდაცვის მინისტრი ვიყავი როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი პრეზიდენტების ადმინისტრაციის დროს, აქტიურად გამოვდიოდი დამატებითი რესურსების გამოყოფის მოთხოვნით, რათა არასამხედრო ინსტრუმენტებით გავლენა მომეხდინა დიპლომატიაზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებზე, გეოეკონომიკურ სიტუაციაზე და ა.შ. მაგრამ მკაცრი სინამდვილე ისაა, რომ ეს ინსტრუმენტები მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როცა ამერიკა ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით, როცა მტრები თავს არიდებენ ჩვენთან და ჩვენს მოკავშირეებთან შეიარაღებულ ბრძოლას – მათ იციან, რომ აუცილებლად დამარცხდებიან.
დთეს თეთრი სახლის, კონგრესისა და თავდაცვის სამინისტროს ძალისხმევა და მიდგომა ამგვარი უპირატესობის უზრუნველსაყოფად არასაკმარისია. ამჟამად ამერიკა უამრავი საერთაშორისო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას, ყველაზე სერიოზულისა 1945 წლის შემდეგ, რომელიც შეიძლება უახლოეს მომავალში კატასტროფაში გადაიზარდოს. დღეს ამისათვის ქვეყანა აშკარად მზად არ არის“, – ნათქვამია ორპარტიული კომისიის დასკვნაში, რომელიც ივლისში გამოქვეყნდა. დიახ, ეს დასკვნა აბსოლუტურ რეალობას წარმოადგენს: 30-წლიანი შვებულების შემდეგ ჩვენ ვდგავართ აგრესიული რუსეთისა და ჩინეთის ტანდემის წინაშე (მათ მხარს უჭერენ ჩრდილოეთი კორესა და ირანი) სრულიად მოსალოდნელი პერსპექტივით – ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ომის შესაძლო დაწყების თაობაზე.
მაგრამ ჩვენი სახმელეთო ჯარები მცირდება, ჩვენს სამხედრო-საზღვაო ფლოტში ხომალდების ჩამოწერა უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მათი მშენებლობა, ხოლო სამხედრო-საჰაერო ძალებში სრული მოდუნებაა გაბატონებული – საბრძოლო მოქმედების უნარი ავიაპარკის მხოლოდ მცირე ნაწილს თუ აქვს ჯერ კიდევ შემორჩენილი.
მრავალწლიანი უყურადღებობის გამო ჩვენმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა დაკარგა შეიარაღების მნიშვნელოვანი სისტემების გამოშვების უნარი – საჭირო რაოდენობით და თანადროულად. როგორც რუსეთ-უკრაინის ომმა გვაჩვენა, ვაშინგტონს არ შეუძლია საკუთარი თავის უზრუნველყოფა ჩვეულებრივი შეიარაღებითაც კი ისეთ კონფლიქტში, რომელიც დიდი ქვეყნების კონფლიქტშია აუცილებელი. ამის მიუხედავად, ვაშინგტონში ყველაფერი ძველი ტემპითა და მეთოდებით ხორციელდება. აუცილებელია კარდინალური ცვლილებები, რომ როტორიკიდან პრაქტიკულ სამუშაოზე გადავიდეთ, გრძელვადიანი სამხედრო უპირატესობის უზრუნველსაყოფად.
არსებობს სამი უწყება, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ რთული მდგომარეობის შექმნის გამო.
უპირველესად, ესაა თეთრი სახლი: ის, ვინც ნოემბერში პრეზიდენტად იქნება არჩეული, მან უნდა უხელმძღვანელოს ამერიკელი ხალხის ინფორმირებას არსებული გლობალური საფრთხეებისა და ახალ გამოწვევათა გაჩენის თაობაზე. ახალი პრეზიდენტი ვალდებულია ისეთი ბიუჯეტი წარმოადგინოს არმიისათვის, რომელიც აღნიშნული საფრთხეებისადმი გამკლავების შესაძლებლობას მოგვცემს. ბიუჯეტის შენარჩუნება ინფლაციის დონეზე სრულიად არასაკმარისია. სასწრაფოდ არის აუცილებელი დამატებითი ფინანსური „სისხლის გადასხმა“ თავდაცვისათვის. ახალმა პრეზიდენტმა ეს რესურსები უნდა მოიძიოს და საფრთხეებს უნდა ებრძოლოს.
მეორე უწყება – ეს თვითონ თავდაცვის სამინისტროა, პენტაგონი. ბოლო წლებში საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა (მაგალითად, შეიქმნა კოსმოსური ჯარები – United States Space Force, ასევე Replicator-ის ტიპის დრონები და ა.შ.), მაგრამ როგორც ზემოთ ხსენებულმა კომისიამ აღნიშნა დასკვნაში, „ასეთი მაგალითები უფრო გამონაკლის მიღწევებს წარმოადგენს, ვიდრე ჩვეულებრივი, ნორმალური მოქმედების პროდუქტს“.
პენტაგონმა უნდა დააჩქაროს და გააღრმავოს მუშაობის მეთოდების ცვლილება. სამხედრო უწყებამ უნდა აჩვენოს, რომ მას აქვს უნარი ეფექტურად და გონივრულად დახარჯოს გამოყოფილი უზარმაზარი თანხები. 2009 წელს თავდაცვის სამინისტრომ გააუქმა ან შეზღუდა დაახლოებით 30-მდე პროგრამა, რომლებიც ძველ და არარეალისტურ ტექნოლოგიებზე იყო დამყარებული. ისინი თუ განხორციელდებოდნენ, რეალიზება ჩვენს გადასახადის გადამხდელს დამატებით 330 მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა. 2010 წელს ჩვენ დავადგინეთ არასაჭირო ხარჯების თანხა 180 მილიარდი დოლარის ოდენობით, რომლის შემცირება ისე მოვახერხეთ, რომ არაფერი არ დაზარალებულა. მთავარია, რომ პენტაგონმა შინაგანი დისციპლინა უზრუნველყოს, თუ მას დამატებითი რესურსების მიღება სურს დღევანდელი და სამომავლო ამოცანების გადასაჭრელად. აუცილებელია ახლებური აზროვნება, მუშაობის სტილისა და მეთოდების გარდაქმნა თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად. ეს უნდა განხორციელდეს სწრაფად და გაბედულად.
მესამე პრობლემურ უწყებას კონგრესი – საკანონმდებლო ორგანო წარმოადგენს. საკვირველია, მაგრამ ფაქტია: ბოლო 10-12 წლის განმავლობაში კონგრესმა პენტაგონს ბიუჯეტი რამდენჯერმე შეუმცირა (მაგალითად, 2011 წლის კანონით „ბიუჯეტის კონტროლის შესახებ“). კანონმდებლები ერთმანეთს ვერ უთანხმდებიან სამხედრო ბიუჯეტის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. კონგრესის წევრები უფრო მეტ ყურადღებას წვრილმანებს უთმობენ, რითაც სხვა მნიშვნელოვანი ამოცანების რეალიზება ყოვნდება. მათ თავი უნდა დაანებონ და უარი თქვან ზედმეტ მეურვეობაზე, ზედამხედველობაზე და კონტროლზე. პირდაპირ ვიტყვი: კონგრესი სამხედრო ინოვაციების, მოდერნიზაციისა და ოპერატიულობის საკითხებში სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.
დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი ამერიკის სამხედრო უპირატესობის შენარჩუნებას გვპირდებიან. დაპირება გასაგებია, მაგრამ მთავარი ისაა, თუ რამდენად იბრძოლებს ან ერთი და ან მეორე სამხედრო ბიუჯეტისათვის, როცა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში დაჯდებიან. ეს აუცილებელია სამომავლო უპრეცედენტო მუქარა-საფრთხეების გასანეიტრალებლად.