6-დან 9 ივნისამდე ევროპელი ამომრჩევლები მომავალ ევროპარლამენტს აირჩევენ. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული პროცესები უცხოური ჩარევისა და ინფორმაციის მანიპულაციისგან. ბოლო დროს უამრავი ასეთი მცდელობა დაფიქსირდა, განსაკუთრებით პუტინის რუსეთის მხრიდან. თუმცა, ჩვენ შევქმენით ინსტრუმენტები მათ აღმოსაჩენად და საბრძოლველად, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი საინფორმაციო სივრცის მთლიანობა, – ამის შესახებ ჟოზეფ ბორელი ბლოგში წერს.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი მომენტია ევროპის საერთო მომავლისთვის.
„ჩვენ უნდა დავიცვათ ეს საარჩევნო პროცესი და უფრო ფართო ევროპული საჯარო დებატები მავნე უცხოელი აქტორებისგან, რომელთაც ევროპის მარცხი სურთ. ეს არის უსაფრთხოების გამოწვევა, რომელსაც სერიოზულად უნდა გავუმკლავდეთ. არჩევნების სანდოობა დემოკრატიული საზოგადოებების ცენტრშია. ევროპის ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს ამ უფლების გამოყენება უცხოური ჩარევისა და მანიპულაციის გარეშე“, – წერს ბორელი.
უმაღლესი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა გაზარდა ინფორმაციასთან დაკავშირებული მანიპულაციები ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ. მისი თქმით, ეს მავნე ქმედებები უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და სწორედ ამიტომ, ორი წლის წინ, სტრატეგიულმა კომპასმა, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიამ, თავის ერთ-ერთ მთავარ მიზნად უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევისთვის წინააღმდეგობა დაასახელა.
„რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კამპანიები ევროკავშირის საინფორმაციო სივრცის ცრუ ინფორმაციით დატბორვის მიზნით, საფრთხეს უქმნის ჩვენ მიერ დემოკრატიული დებატების წარმართვას, განსაკუთრებით არჩევნების დროს. ამ გამოწვევის გადასაჭრელად ჩვენ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია ოთხ სფეროში: სიტუაციური ცნობიერება, საზოგადოების მდგრადობა, საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტები და მარეგულირებელი ინსტრუმენტები.
ევროკავშირის მასშტაბით წევრმა ქვეყნებმა დანერგეს საჭირო სისტემები და რესურსები ევროპული არჩევნების სრულყოფილად ჩასატარებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს მათი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ უცხო სახელმწიფო აქტორების მავნე განზრახვების შესახებ.
მოქალაქეებისთვის ასეთი ფაქტების გამხელა საუკეთესო ინსტრუმენტია ყველა სახის მოტყუებისა და შეთქმულების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი მოწინააღმდეგეების მავნე ტაქტიკის, ტექნიკისა და პროცედურების გამოვლენით, ჩვენ ვზღუდავთ ამ თავდასხმების გავლენას ჩვენს დემოკრატიულ გადაწყვეტილების მიღებაზე“, – წერს ბორელი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლა პერსონალური პასუხისმგებლობაც არის და ევროკავშირის მოქალაქეებს მოუწოდებს გადაამოწმონ ინფორმაცია, რომელსაც იღებენ.