ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ – პარლამენტს მთავრობისთვის თანხმობა არ მიუცია და ღარიბაშვილი კანონმდებლობას არღვევს, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, სერგო ჩიხლაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას
მისი თქმით, წარმოუდგენელია ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის მიმართულებით ისევე, როგორც უკრაინაში რუსეთის აგრესიის პოზიციაზე.
“სტრატეგიულ პარტნიორობის ჩარჩოს განსაზღვრავს პარლამენტი და ეს კანონით არის გათვალისწინებული. ჯერჯერობით სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენ გვაქვს აშშ-სთან. ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე პარლამენტს მთავრობისთვის თანხმობა არ მიუცია. აქაც ბატონი ღარიბაშვილი არღვევს კანონმდებლობას. ამასთან სტრატეგიული პარტნიორობა გულისხმობს სტრატეგიულ პარტნიორობას ყველა მიმართულებით. როგორ წარმოგიდგენიათ სტრატეგიული პარტნიორობა ადამიანის უფლებების მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით, უკრაინაში ომის პოზიციასთან მიმართებით?! კარგი და პარტნიორული დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ჩინეთთან უნდა გვქონდეს, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა სხვა დონეა და ამას სჭირდება პარლამენტთან შეთანხმება. ეს არის გარკვეული დემარში დასავლეთის საწინააღმდეგოდ, რადგან თუ ხარ სტრატეგიული პარტნიორი აშშ-სი, ევროკავშირის, ცოტა რთულია იგივე დონის სტრატეგიული პარტნიორობა გქონდეს ჩინეთთან. ამ ქვეყნებს არ აქვთ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და უფრო მეტიც, გარკვეული პოლიტიკური ბალანსია დასაცავი. ეს არის გზავნილი დასავლეთის მიმართ, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა არსებული სტრატეგიული პარტნიორობა დაზიანებულია. საქართველოს მთავრობა ახლა უნდა ზრუნავდეს არსებული სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნებაზე, გამყარებასა და გაძლიერებაზე უკვე არსებულ სტრატეგიულ პარტნიორებთან და არ უნდა გარბოდეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საძებნელად,” – განაცხადა ჩიხლაძემ.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს: პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობა; საერთაშორისო.განცხადების თანახმად, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმაონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.