„ცაჰალი“ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის სამხრეთში უსაფრთხო ევაკუაციისთვის დღეს ექვს საათს გამოყოფს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ადგილობრივი დროით 10:00 საათსა და 16:00 საათს შორის პერიოდში ღაზის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დამაკავშირებელ მთავარ გზაზე საავტომობილო მოძრაობა უსაფრთხო იქნება.
„ცაჰალი“ მოუწოდებს ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით. მათივე ინფორმაციით, გუშინ უსაფრთხო ევაკუაციის შესაძლებლობით დაახლოებით 50 000-მა ადამიანმა ისარგებლა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.