„უოლ სთრით ჯორნალის“ ინფორმაციით, აშშ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის ალტერნატიული მარშრუტების მოძიებას გეგმავს და ამისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთთან, უკრაინასთან და მის მეზობლებთან.
როგორც გამოცემა მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ოქტომბრისთვის დუნაიზე შესაძლებელი იქნება ყოველთვიურად ოთხი მილიონი ტონა მარცვლეულის ტრანსპორტირება. ამ მოცულობის უდიდესი ნაწილი შავ ზღვაში რუმინეთის პორტებისკენ გადამისამართდება, რის შემდეგაც ტვირთი უკვე სხვადასხვა ქვეყანაში გაიგზავნება.
გამოცემის ცნობით, ვაშინგტონი ასევე განიხილავს ალტერნატიულ ვარიანტებსაც, მათ შორის უკრაინის პორტებიდან მოძრავი სატვირთო გემების დასაცავად სამხედრო გადაწყვეტილებებს.