ამერიკული გაზეთის “ვაშინგტონ პოსტის” (The Washington Post) 17 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “აშშ-ში არჩევნების მოახლოების კვალობაზე უკრაინის თავზე შავი ღრუბლები იკრიბება: ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ შორს არის რეალური გამარჯვებისაგან“ (ავტორი – იშან ტარური).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
იყო დრო, როცა უკრაინის პრეზიდენტს ვაშინგტონში ოვაციით ხვდებოდნენ და გმირადაც შერაცხეს კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფიცი დადო, რომ უკრაინა არასდროს უკან არ დაიხევს და მტერს არ დანებდება“, მას მხარს უჭერდა კოლეგა ჯო ბაიდენიც, რომლის მიერ წარმოთქმულ ფრთოსან ფრაზას – „უკრაინას მხარს იმდენად დავუჭერთ, რამდენიც საჭირო იქნებაო“, ევროპელი ლიდერებიც ხშირად იმეორებდნენ.
საეჭვოა, რომ ახლა კონგრესში ვოლოდიმირ ზელენსკის ძველებურად საზეიმოდ შეხვედრა მოუწყონ. მისი ამასწინანდელი ვიზიტიც ამის დადასტურებაა, როცა აშშ-ში, გაეროს გენასამბლეის სესიის ფონზე, უკრაინის პრეზიდენტს საკმაოდ გულგრილად შეხვდნენ. ორი წლის კონგრესში მხოლოდ რამდენიმე რესპუბლიკელ-ულტრანაციონალისტს არ სჯეროდა უკრაინის წარმატებისა და არ სურდათ ფულის „წყალში გადაყრა“ კიევის დასახმარებლად, ახლა კი კონგრესმენ-სკეპტიკოსთა რაოდენობა კრიტიკულ მასამდე გაფართოვდა. ამერიკელ დეპუტატთა სკეპტიციზმს იზიარებს პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები დონალდ ტრამპი და ჯეიმს დევიდ ვენსი. პირველმა სახელი გაითქვა როგორც თავისი მეგობრული დამოკიდებულებით ვლადიმირ პუტინის მიმართ, ასევე უკრაინაში მიმდინარე ომისადმი გულგრილი დამოკიდებულებით, ხოლო მეორემ საჯაროდ აღიარა თავისი სურვილი უკრაინელებისათვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის თაობაზე.
გასულ თვეში ვაშინგტონში და ნიუ-იორკში ყოფნისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და თვით ჯო ბაიდენთან ერთად თავისი „გამარჯვების გეგმის“ ელემენტები განიხილა. იგი სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზეც, მაგრამ რაიმე დიდი წარმატების გარეშე. განსაკუთრებით გულგრილად შეხვდა მას პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით მდგომი, რუსეთის ლიდერთან კარგი დამოკიდებულებაზე ლაპარაკობდა.
რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება მატულობს არა მარტო ამერიკელ რესპუბლიკელთა ლიდერებში, არამედ ატლანტიკის მეორე მხარეზეც. უკრაინის ყველაზე ერთგული მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ „დრო კიევის წინააღმდეგ მუშაობს და დასავლეთის მხარდაჭერა სუსტდება“. ამასთან, ერთია, რომ აშშ-ში სკეპტიციზმი მატულობს, არჩევნების მოახლოების ფონზე, მეორეა ის, რომ უკმაყოფილება იზრდება თვით უკრაინულ საზოგადოებაშიც.
უკრაინას, რომელიც უკვე უმძიმეს სიტუაციაშია, წინ უფრო უარესი მდგომარეობა ემუქრება. უკრაინის არმია რიცხოვნობით და შეიარაღებით ბევრად ჩამოუვარდება რუსეთის არმიას, რომელსაც დასავლურმა სანქციებმა, ფაქტობრივად, ვერაფერი დააკლო. უკრაინის ჯარის კონტრდარტყმამ კურსკის ოლქში მხოლოდ საზოგადოების ხანმოკლე მორალური აღმაფრენა გამოიწვია, მაგრამ სტრატეგიული დივიდენდები არ მოუტანია. კურსკის ოლქში შეჭრას ხელი არ შეუშლია რუსების შეტევისათვის, რომლებმაც დონბასში უკრაინის რიგი ქალაქები და სოფლები დაიკავეს. აშკარაა, რომ კრემლს განზრახული აქვს თავისი უპირატესობა საქმით დაამტკიცოს.
„რუსებმა ბრძოლის ველზე საკმაო გამოცდილება დააგროვეს, მომგებიანად შეცვალეს ტაქტიკა, ისინი ახლა უზრუნველყოფილნი არიან საიმედო კავშირით, მათ აქვთ მეტი იარაღი და ცოცხალი ძალის რესურსები. დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთის ჯარები მაინც წინ მიიწევენ, დასავლეთი კი უკრაინის მიმართ დახმარებას ამცირებს“, – აღნიშნულია დასავლელი ჟურნალისტების პუბლიკაციებში.
„ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ჩვენ მტერს 1991 წლის საზღვრების მიღმა გავაძევებთ“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცერი, რომელიც ეჭვობს, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება.
ამ რეალობის გაცნობიერება დასავლელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა რამდენიმე თვის წინათ დაიწყეს და შემდეგ საჯაროდაც აღიარეს: ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრე პაველმა, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ერთგული და მხურვალე მხარდამჭერია, ამას წინათ განაცხადა, რომ „უკრაინელებმა დროა რეალისტურად აზროვნება დაიწყონ და გააცნობიერონ, რომ მათი გარკვეული ტერიტორიები დროებით რუსეთის ხელში დარჩება“.
ვოლოდიმირ ზელენსკი თავის „გამარჯვების გეგმაში“ იმედოვნებს, რომ დასავლეთი უკრაინის მიმართ დახმარებას გააფართოებს და პოლიტიკურ გარანტიებსაც მისცემს – ნატოს წევრად მიიღებს. მაგრამ საქმე ისაა, რომ უკრაინის ლიდერს რაც სურს, იმის შესრულებას დასავლეთი არ ჩქარობს და ყოყმანობს. ჯერ-ჯერობით არ არის საერთო აზრი ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რომელი უნდა შესრულდეს პირველ რიგში „სურვილების ჩამონათვალიდან“.
„გამარჯვების გეგმა“ სინამდვილეში საკმაოდ შორსაა იმ გამარჯვებისგან, რომელსაც ბევრი ელოდებოდა. ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ჩიხში გარდაუვალი შესვლის მოახლოების კვალობაზე უკრაინელებს წინ ძალიან არასასიამოვნო რეალობა ელოდებათ, როცა ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთს კრემლის ჯარის მიერ ფაქტობრივად ოკუპირებული ტერიტორია იურიდიულადაც დაუთმონ. აშშ-ის მთავრობამ და ევროპამ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ასეულობით მილიარდი დოლარი დახარჯეს, უამრავი სანქცია დააწესეს, მაგრამ ის, რომ კიევს დასავლური იარაღით სარგებლობა შეუზღუდეს (რუსეთის ზურგში ობიექტების დაბომბვის აკრძალვის თაობაზე), ეს გარემოება უკრაინელების იმედგაცრუებას იწვევს. თეორიულად არ არის გამორიცხული, რომ ასეთი „უსამართლო დაზავების“ შემდეგ უკრაინელების პროდასავლური განწყობა დასუსტდება.
ვაშინგტონელი პუბლიცისტი რობერტ კოგანი ხაზს უსვამს უკრაინელთა რისხვას, რომელიც შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკების შემდეგ გაჩნდეს. ეს იქნება „თავის ტკივილი“ როგორც რუსეთისათვის, ასევე დასავლელი ლიდერებისათვის: „ომის შეწყვეტის შემდეგ კბილებამდე შეიარაღებული უკრაინა რუსეთისათვის მტრულად განწყობილ მეზობლად დარჩება. უკრაინელები არ დაივიწყებენ სიკვდილს, ნგრევას, მკვლელობებს წამებებს. იქნება რევანშიზმის ძლიერი გამოვლენა – უკრაინელებს მუდმივად ემახსოვრებათ დაკარგული ტერიტორიები და პერმანენტულად ეცდებიან მათ დაბრუნებას. ამავე დროს, კიევს ბრაზი გაუჩნდება დასავლეთის მიმართაც, დახმარების მიუხედავად“, – წერს რობერტ კოგანი.
„რასაკვირველია, დასავლეთი იგრძნობს რა საკუთარ ბრალს, ომისაგან დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად უკრაინელებისადმი დახმარებას გააგრძელებს, – წერს ტიმ უილასი, თავდაცვითი კვლევების ბრიტანული სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელი, – მაგრამ მათ თვალში დასავლეთმა შეიძლება თავისი ძველებური მიმზიდველობა დაკარგოს“.
„ომის დროს მიძინებული უკრაინელი კორუმპირებული ოლიგარქები ომის შემდეგ გამოფხიზლდებიან. არ არის გამორიცხული, რომ ისინი თავიანთ ცინიზმს გააგრძელებენ მაიდნის თაობის მიმართ, რაც ხელს შეუწყობს უკრაინის შიდა დაპირისპირების ზრდას“, – ასკვნის ტიმ უილასი.
მოამზადა სიმონ კილაძემ