აშშ-ის პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ხალხის ინტერესებს და ისინი მოქცეული არიან სრულ იზოლაციაში – გრიგოლ გეგელია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს. ისინი მოქცეული არიან სრულ და საბოლოო საერთაშორისო იზოლაციაში, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას განცხადებით, დღეს უკვე აშშ-ის პრეზიდენტის პირით ვისმენთ, რომ საქართველოს მართავს ანტი-დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის მოქმედებებიც არ არის თავსებადი იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რომელიც უნდა გააჩნდეს ევროპული კავშირისა და ნატოს წევრობის მსურველ სახელმწიფოს.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს წერილი გამოუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის “უცხოური აგენტების” კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უმკაცრესი წერილი კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ინტერესებს. ისინი მოქცეული არიან სრულ და საბოლოო საერთაშორისო იზოლაციაში.

მაშინ როდესაც პრემიერ-მინისტრი „ჰამასთან“ და „ჰეზბოლასთან“ ერთად ზეიმებზე და პანაშვიდებზე დადის და პარალელურად უარს აცხადებს ვაშინგტონსა და ბრიუსელთან პარტნიორობაზე, ქართული სახელმწიფოებრიობა უდიდესი რისკის წინაშე დგას.

მანამ სანამ საქართველოს ხელისუფლება თავს ესხმის საკუთარ ხალხს, საკუთარი სახელმწიფოს მიმართ სვამს კითხვებს, რომელსაც მხოლოდ კრემლი სვამს და საკუთარ სახელმწიფოს უყენებს ბრალს, რომელსაც მხოლოდ კრემლი გვიყენებს, ამერიკის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო გახდა „ბრუტალური რუსული შემოჭრის“ მსხვერპლი, რომლის შედეგად დღემდე ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი.

მანამ სანამ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ყოველდღიურად კლავს ქართულ საგარეო პოლიტიკას და საქართველოს რუსულ-ირანულ-ჩინური ავტოკრატიული ბლოკის წევრად აქცევს, დღეს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირით ვისმენთ, რომ საქართველოს მართავს ანტი-დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის მოქმედებებიც არ არის თავსებადი იმ ნორმებთან და ღირებულებებთან, რომელიც უნდა გააჩნდეს ევროპული კავშირისა და ნატოს წევრობის მსურველ სახელმწიფოს.

როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ღიად ამბობს, რომ რუსული სტილის კანონის მიღებით ამ ხელისუფლებამ ძირი გამოუთხარა სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს ევროპულ ევრო-ატლანტიკურ გზას, ეს არის საბოლოო დასტური, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს აღარ გააჩნია ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების არავითარი პერსპექტივა, რაც მილიონობით ქართველს აშორებს მშვიდობის, კეთილდღეობის და განვითარების პერსპექტივისგან.

პრეზიდენტ ბაიდენის წერილი კიდევ ერთხელ გვაგონებს, რას ნიშნავს ცხოვრობდე კაპიტულანტი რეჟიმის პირობებში, როდესაც შენი ხელისუფლება შენივე სახელმწიფოს ინტერესების ძირის გამოთხრას ემსახურება, ხოლო პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერები შენი ეროვნული ინტერესის მხარეს არიან. სწორედ ამიტომ, თითოეული ქართველის სამოქალაქო და პატრიოტული ვალდებულებაა, 26 ოქტომბერს დაასრულოს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს. ძლიერი საქართველო დგას ქართველი ხალხის, ძლიერი, ევროპული და ეროვნული საქართველოს სამსახურში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.