შეერთებულმა შტატებმა, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინისთვის გამოყოფილი თანხების 96% დახარჯა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ განუცხადა.
„შემიძლია გითხრათ, რომ, უკრაინისთვის ომის დაწყებიდან, გადაცემული თანხების მთლიანი ოდენობა 60 მილიარდ დოლარს აჭარბებს და დაახლოებით 96% დახარჯულია. ეს არის არა მხოლოდ დახმარება უსაფრთხოების სფეროში, არამედ ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა”,- თქვა კირბიმ.
მან დასძინა, რომ სპეციალურად სამხედრო მხარდაჭერისთვის გამოყოფილი თანხების 90% დახარჯულია.
კირბიმ ასევე თქვა, რომ აშშ ორიენტირებულია, გააგრძელოს უკრაინის სამხედრო დახმარება, რათა „მათ შეძლონ, დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენონ, სანამ ამინდი გაუარესდება და შეამცირებს პროგრესის მიღწევის შესაძლებლობას“.
ჟურნალისტის კითხვაზე, სჯერა თუ არა პრეზიდენტ ბაიდენს, რომ კიევს შეუძლია პროგრესის მიღწევა, კირბიმ თქვა, ”აბსოლუტურად. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი შეძლებენ, დაიბრუნონ თავიანთი ტერიტორია. ვფიქრობ, ისინი კონფლიქტის დაწყებიდანვე არასათანადოდ იყვნენ შეფასებული”.