“ფინანსურ-ეკონომიკური ამბების მთავარი მსოფლიო გამოცემა “ფაინენშელ ტაიმსი” აქვეყნებს ყბადაღებული “კრედიტ სუისის” ერთ-ერთი მმართველი დირექტორის, მოკლევადიანი კრედიტების საპროცენტო სტრატეგიის განყოფილების უფროსის, ზოლტან პოჟარის (წარმომავლობით – უნგრელის) სტატიას.
შინაარსს რომ თავი დავანებოთ, სტატიის მხოლოდ სათაურიც ძალზე მრავლისმეტყველია: “მსხვილ სახელმწიფოთა კონფლიქტი ემუქრება დოლარის უზომო უპირატესობას”.
სტატიის შინაარსი კი ამ თეზისის არგუმენტირებაა: მსოფლიოში იქმნება ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, როცა დოლარი ვეღარ განიხილება მსოფლიოს ძირითად სარეზერვო ვალუტად. მას სერიოზულ კონკურენციას უწევენ. უწინარესად, ჩინეთის მიერ კონსტრუირებული ფინანსური ანგარიშსწორების ალტერნატიული სისტემა, აგრეთვე მსოფლიოს ბევრ წამყვან სახელმწიფოში ცენტრალური ბანკების მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტები, აგრეთვე ოქროს სულ უფრო მზარდი, ტრადიციული გამოყენება მატერიალური სახსრების რეზერვირებისათვის, ნაცვლად მაგ. იგივე დოლარის ამერიკული სახაზინო ვალდებულებების ანდა სხვა დოლარით ნომინირებული ფასიანი ქაღალდების ნაცვლად.
“კრედიტ სუისის” მძიმე კონფლიქტი ბიძინა ივანიშვილთან, მაშასადამე, ავტომატურად – საქართველოს ეროვნულ ინტერესებთანაც, საყოველთაოდ ცნობილია. ამიტომ, ეს სტატია გარკვეულ ყურადსაღებ სიგნალად უნდა აღვიქვათ. ეს არსებითია “კრედიტ სუისის” ორჭოფული პოლიტიკის დასანახად:
ერთის მხრივ, ეს ბანკი წარმოადგენს რა ერთ-ერთ მსხვილ საკორესპონდენტო ბანკს, რომელთა მსოფლიო ქსელი უზრუნველყოფს დოლარის ჰეგემონიასა და მის ჯერჯერობით მყარ სტატუსს, როგორც ძირითადი მსოფლიო სარეზერვო ვალუტისას, სტატიაში ხაზგასმულია და მკაფიოდ აქცენტირებული ამგვარი საკორესპონდენტო ბანკების, ე.ი. “კრედიტ სუისისაც” წამყვანი როლი; მეორეს მხრივ – “კრედიტ სუისი” მკაფიოდ აფიქსირებს პოზიციას, რომ გარკვეული გეოპოლიტიკური გარემოებებისას, უწინარესად კი ჩინეთის გეოპოლიტიკის: “ერთი სარტყელი ერთი გზა” წარმატების შემთხვევაში, სულაც არ არის გამორიცხული, არამედ მოსალოდნელიცაა – რომ ამგვარი საკორესპონდენტო ბანკების დოლარის მიმართ ერთგული პოლიტიკა რადიკალურად გადაისინჯოს და მათ უარი თქვან დოლარის უპირობო ჰეგემონიაზე.
მოკლედ: სრულიად აშკარაა, რომ “კრედიტ სუისი” საკუთარი პოზიციით ვაჭრობას აპირებს: საკუთარი აშკარა სირთულეების დასაძლევად ამ სტატიით სიგნალს იძლევა – თუ გინდათ ისევ დოლარს ერთგულად ვემსახურო, კეთილი ინებეთ და ჩემი ინტერესები გაითვალისწინეთ, თორემ ჩინეთიც აქვეაო! საინტერესოა. (სტატიის რუსულენოვან ვერსიას, ორიგინალზე მითითებით, შეგიძლიათ კომენტარებში გაეცნოთ).”-წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი