„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და სალომე ზურაბიშვილს დავალება მიუვიდათ, როგორც თავად საუბარში აცხადებენ, მათი „დიდი მეგობრებისგან”, რომ ხვალ, 26 მაისს “ერთიანი პლატფორმის შესახებ” მემორანდუმი გამოაქვეყნონ და პოლიტიკურ პარტიებს ამ დოკუმენტზე ხელმოსაწერად გარკვეული ვადა შესთავაზონ.
მემორანდუმში იქნება სხვადასხვა პუნქტი, მათ შორის ერთ-ერთი, ერთიან საარჩევნო სიას შეეხება. სწორედ ეს არის ერთადერთი პუნქტი, რაზეც სალომე ზურაბიშვილი და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები, ასევე გიორგი გახარია და მამუკა ხაზარაძე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ასეთი პუნქტის ჩაწერა მემორანდუმში, ყველასთვის დამაზიანებელი იქნება, საზოგადოება ამისთვის ბოლომდე შემზადებული არ არის და ეს უნდა მოხდეს უშუალოდ საარჩევნო სიების წარდგენის წინა დღეებში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია მემორანდუმიდან, ამ ეტაპზე, საერთო სიის პუნქტი ამოიღონ.
რაც შეეხება სხვა პუნქტებს, მათში შეტანილია სხვადასხვა დათქმა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში უნდა შეიქმნას ერთიანი დროებითი მთავრობა, პარლამენტმაც მხოლოდ ერთი წლით უნდა იფუნქციონიროს, ხოლო მომდევნო საპარლამენტო არჩევნები თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა ჩატარდეს. მანამდე კი, მთლიანად უნდა გადააგდეს და გაიწმინდოს – პოლიცია, სუსი, პროკურატურა, სასამართლო, საჯარო სამსახურები, ცესკო და ა.შ.
„რუსთავი 2″ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებიც აპირებენ, აღნიშნულ დოკუმენტს მოაწერონ ხელი. მათი ნაწილი გარკვეულწილად ადასტურებს ინფორმაციას, რომ ეს მემორანდუმი სწორედ ხვალ გასაჯაროვდება. ასევე ამბობენ იმას, რომ სალომე ზურაბიშვილს ძალიან საინტერესო გამოსვლა ექნება.