ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსულმა ეკონომიკამ კიდევ ერთხელ გააწბილა ისინი, ვინც მის „დასასრულს“ წინასწარმეტყველებდა: არჩევნების მოახლოების კვალობაზე ვლადიმერ პუტინი ინფლაციას აკონტროლებს“.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ორი წლის განმავლობაში, ვლადიმერ პუტინის არმიის უკრაინაში შეჭრიდან, რუსეთის ეკონომიკას მრავალჯერ უწინასწარმეტყველებდნენ კრიზისს, დანგრევას, ჩამოშლას, გაქრობას, მაგრამ „რუსეთის დასასრულის“ მომლოდინენი შეცდნენ.
ფინანსური კოლაფსი, რომელსაც 2022 წლის გაზაფხულზე პროგნოზირებდნენ, არ მოხდა. მართალია, ეკონომიკა რეცესიაში მოექცა, მაგრამ ხანმოკლედ და სიტუაცია მალე გამოსწორდა. ერთადერთი საფრთხე ინფლაცია გახდა: ფასები გასულ წელს სწრაფად იზრდებოდა და ეკონომისტებს ეგონათ, რომ მთავრობა სიტუაციას ვერ გააკონტროლებდა. თვით პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც კი შეშფოთდა. თებერვალში მან ჩინოვნიკებს მოუწოდა „განსაკუთრებული ყურადღება“ დაეთმოთ ფასების ზრდისათვის.
მაგრამ, ამის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა, როგორც ჩანს, კიდევ ერთხელ ადასტურებს პესიმისტების შეცდომას. მოსალოდნელია, რომ მარტის თვის მონაცემებით, ფასების ზრდა შეწყდება, ინფლაციის ტემპი კი საკმაოდ შენელდა. ასე რომ, 15 მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი წინასწარ უკვე გადაწყვეტილია. საერთოდ კი, ვლადიმერ პუტინს კონკურენტიც რომ ჰყოლოდა, ინფლაცია და ფასების ზრდა მაინც ვერაფერს დააკლებდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ რუსეთში უმუშევრობა რეკორდულად დაბალ დონეზე იმყოფება.
ვინ იმსახურებს ქება-დიდებას ასეთი მიღწევებისათვის? შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთეს ეკონომიკის დასაცავად. თუმცა ცენტრობანკელების აზრით, ფინანსთა სამინისტრო არასწორად ახდენდა ჩარევას და მხოლოდ მათი, ანუ ბანკის ხელმძღვანელების ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ინფლაციის დამუხრუჭება. ალბათ, ცენტრობანკელები მართლები არიან. განაკვეთების მომატებამ რუსეთის მოქალაქეებს შემნახველი ანგარიშების გახსნისაკენ უბიძგა – ანუ დანაზოგებისაკენ, ვიდრე ფული ხარჯვისაკენ. ინფლაციის შესუსტებაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრებამაც თავისი როლი შეასრულა.
რუსეთის ეკონომიკის მდგრადობა განპირობებულია წარსულში განხორციელებული მასტიმულირებელი ზომებითაც. ბოლო წლებში კორპორაციებმა და კომპანიებმა მნიშვნელოვანი თანხები დააგროვეს, რომლებსაც ინფლაციის დროსაც კი ხარჯავდნენ და დეფოლტს თავს არიდებდნენ.
სხვათა შორის, დასავლურმა სანქციებმაც ერთგვარი პოზიტიური როლი შეასრულა რუსული ეკონომიკის მდგრადობაში. როცა რუსეთიდან დასავლური კომპანიები წავიდნენ, ბუნებრივია, მათი მაღაზიების და საწარმოები დაიხურა, მოგვიანებით კი ისევ გაიხსნა, მაგრამ უკვე ახალი მფლობელების მიერ. რუსულმა კომპანიებმა გაააქტიურეს ნედლეულის ძიება მესამე ქვეყნებში და საიმედო მიწოდების გზები იპოვეს. რუსეთში იმპორტის ნახევარზე მეტი ჩინეთიდან და შუა აზიის ქვეყნების გავლით შედის, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე უკრაინაში შეჭრამდე იყო.
ახალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების კვალობაზე, რუსი ექსპორტიორები გათამამდნენ და ფასები ასწიეს, ამით საკუთარი შემოსავლები და მოგება გაამყარეს. რუსები 2022 წელს ჩინეთს 10%-ით იაფ ნავთობს და გაზს აწვდიდნენ, ახლა კი მხოლოდ 5%-ით იაფია. საქმე მხოლოდ ენერგეტიკას არ ეხება. რუსულმა კომპანიებმა ჩინეთში თავიანთი პროდუქციის გატანა უფრო მეტად და აქტიურად დაიწყეს. ამას წინათ ვლადიმერ პუტინმა დაიტრაბახა, რომ რუსული ნაყინით მალე მთელ ჩინეთს დავფარავთო: „მე ჩემს მეგობარ სი ძინპინს რუსული ნაყინი გავასინჯე და ძალიან ესიამოვნაო“.
რასაკვირველია, რუსებმა კარგად იციან, რომ ინფლაციის ბოლომდე დამარცხება შეუძლებელია. ცენტრალური ბანკის ჩინოვნიკები შეშფოთებულები არიან იმით, ინფლაცია წლის ბოლომდე მაინც მოიმატებს. ყველაზე უფრო ცუდი ისაა, რომ რუბლი შეიძლება გაუფასურდეს ნავთობზე ფასების დაცემით, ან მორიგი სერიოზული სანქციების რაუნდით ან საერთოდ იმითაც, თუ ჩინეთი რუსეთის მიმართ ინტერესს დაკარგავს, ანუ სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს მიატოვებს. ეს ყველაფერი ფინანსისტების სერიოზულ შიშს იწვევს. და მაინც, მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი ნაწილი – გარიყული ქვეყნის ეკონომიკა თავის ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება.