„გამორიცხული არ არის, რომ რაიმე სახის მანიპულაცია იყოს არჩევნების ახალი წესით ჩატარების დროს”- აცხადებს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.
მისი თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ახალი, ელექტრონული წესით ჩატარებისას არსებობს იმის რისკი, რომ ერთი და იგივე ამომრჩეველმა ხმა სხვადასხვა უბანზე მისცეს.
„გამორიცხული არ არის, რომ რაიმე სახის მანიპულაცია იყოს არჩევნების ახალი წესით ჩატარების დროს. ჩვენ რაც შევისწავლეთ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ერთ უბანზე შევიდეს, ხმა მისცეს, შემდეგ წავიდეს და სხვა უბანზე მისცეს ხმა. ე.წ. კარუსელი რაც არის, ამ სისტემით არ გამოირიცხება. მაგის გამორიცხვის გზა ჩვენი აზრით ისაა, რომ ეს სისტემა ერთიანი იყოს, ყველა უბნიდან და ოლქიდან ეს აპარატები ერთ სქელში იყოს ჩართული. ეს შესაბამისად, ერთი ადამიანის რამდენიმე უბანზე შესვლას გამორიცხავს. ამის წინააღმდეგი ბევრია და არამარტო ხელისუფლება, ამიტომ ეგ ამბავი არ გამოდის. ეს რისკი არსებობს, თუმცა მთავარ პრობლემად ისევ რჩება ის, რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების დღეს. მთავარი პრობლემა დაფიქსირება და დოკუმენტირებაა იმისა, როგორ მუშაობს სუს-ი, როგორ მუშაობენ რესურსცენტრები, „ქართული ოცნების“ პარტია, როგორ ყიდულობენ ხმებს, როგორ აშანტაჟებენ ხალხს, როგორ უკეთებენ ბარტერებს სხვადასხვა რაღაცაში და როგორ ამობილიზებენ ხმებს. ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა ეს არის, რომელიც ახლა დგას და ამას ყველას მხრიდან სჭირდება გამკლავება, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი თუ პოლიტიკური პარტიები“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.