ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსაბჭოს, არც ბრიუსელს და არც არავის, არც კელი დეგნანს – ევროპარლამენტარებმა მითხრეს, რომ მისდით ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაკეთებთ მსგავს განცხადებებს, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სამხარაძემ უარყო, რომ მისი გუნდის რომელიმე წევრს მსგავსი განცხადება აქვს გაკეთებული. მისივე თქმით, “გარკვეული ძალები” , რაზეც საუბრობენ, სხვა რამეს გულისხმობს.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომელმაც მიუთითა კობახიძის პერიფრაზზე – “საქართველომ, სტატუსი იმიტომ არ მიიღო, რომ ომში არ არის”, სამხარაძე აცხადებს, რომ ვერ მოუტანს ვერავინ ვერც ერთ განცხადებას, სადაც მათი წარმომადგენელი ამბობს, რომ ევროკავშირს ქვეყნის ომში ჩათრევა სურს.
“სად მოგისმენიათ რომელიმე განცხადება ჩემი, გინდაც ჩემი თანაგუნდელების, რომ დასავლეთი ცდილობს ამას, ასეთი ფორმულირებით? გარკვეული ძალები სხვა რამეა. ამომიღეთ ერთი ციტატა “ქართული ოცნების” დეპუტატის ან პოლიტიკოსის, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. მომიტანეთ ეს ციტატა, ვერ ნახავთ ვერც ერთ ასეთ განცხადებას. აქედან სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ვინ თარგმნის თუ ვინ აწვდის ამ განცხადებებს, მაგრამ მათაც გვითხრეს, რომ მისდით ასეთი ინფორმაცია, რომ ჩვენი მხრიდან კეთდება ასეთი განცხადებები. მე ვუთხარი ზუსტად იგივე რასაც თქვენ გეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, თუ შეგიძლიათ მომიტანეთ ერთი ციტატა რომელიმე პოლიტიკოსის, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი ომში ითრევს საქართველოს, არ არსებობს ასეთი ციტატა, ნუ აბუქებთ თქვენ, თქვენი პასუხისმგებლობაც არის მედიის, რომ ეს განცხადებები ზუსტად ისევე გაიტანოთ საზოგადოებასთან როგორც კეთდება,”- განაცხადა სამხარაძემ.