“არავის უკვირს არც მანქანა და არაფერი. წარმოდგენა მეკარგება ძალიან ბევრ ადამიანზე, რომელსაც აბსოლუტურად სხვა თვალით და კუთხით ვუყურებდი, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, სადაც ბეჟაშვილმა აღნიშნა, რომ „რამდენიმე არჩევნების დროს ნიკა მელიას პირადად ეხმარებოდნენ, მიუღია საჩუქრებიც, ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლითაც ის დღეს დადის“.
ბაჩო დოლიძის განცხადებით, აღნიშნული მანქანა პარკინგზეა და თუ ვინმე ასეთი შეწუხებულია, შეუძლია, წაიყვანოს.
„არ ვიცი, ვინ რას ეძახის საჩუქარს. არავის უკვირს არც მანქანა და არაფერი, არც ნიკა მელიას, არც მის ოჯახს, არც ჩვენ. მით უმეტეს არასდროს არავისთვის არაფერი გვითხოვია. თუკი ვინმე რამით ეხმარება და გვერდით უდგას პარტიას, ამის დაუნახაობის პრობლემაც არ არის. ამ თვალსაზრისით, ამას ყოველთვის აღვნიშნავთ, მაგრამ პატარა ადამიანების რაღაც განცხადებები და ტყუილები, ვინმემ ვინმეს მანქანა აჩუქა – არ ვიცი, მართლა მეკარგება წარმოდგენა ძალიან ბევრ ადამიანზე, რომელსაც აბსოლუტურად სხვა თვალით და კუთხით ვუყურებდი.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ მანქანას, ის დგას პარკინგზე, შესაბამისად, თუ ვინმე ასეთი შეწუხებულია, შეუძლია, ნებისმიერ მომენტში წაიყვანოს. ორჯერ იყო აღნიშნული მანქანის მიბრუნების მცდელობა, ოღონდ ეს მიბრუნება უხერხული ვითარებაა. მხარე, რომელსაც უბრუნებ, უხერხულად გრძნობს თავს და არც დამიმალავს, რომ ერთ-ერთ საერთო მეგობარს, დიმა ჩიქოვანს დავუკავშირდი, ვთხოვე, მანქანას მოგიყვანენ-მეთქი და იმდენად შეურაცხმყოფელად აღიქვა ეს ყველაფერი, პირიქით, აქეთ ვუხადე ბოდიშები.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, რომ ახლა მანქანებზე გვქონდეს საუბარი. არ გვიკვირს არც მანქანა და არც სხვა დანარჩენი. თუ ვინმესთვის რაიმე გასაკვირია, თვითონ მოიკითხონ. როგორ წარმოგიდგენიათ, მელიას ან მის ოჯახს მანქანა გაუჭირდა? ძალიან დაბალი, იაფფასიანი პოპულიზმია ამ წინასაარჩევნო პერიოდში. მესმის, რომ ემოციებიც არის, მესმის, უჭირთ იმ გაგებით, რომ ახლოვდება არჩევნები და ეტყობა, იმაზე მეტი დარეგისტრირდა, ვიდრე წარმოედგინათ. ფიქრობენ, რომ ალბათ ყველა მეთოდი და ხერხია მისაღები, ამ წინასაარჩევნო კამპანიაში ყველაფერზე ლაპარაკი გამოადგებათ – ტყუილისა და სიმართლის. პირდაპირ ვამბობ, ეს მეთოდები არ გამოდგება, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან.
ყველაფერს ველოდები ამ ხალხისგან, რადგან თუკი რამე უკადრებელი იყო, უკვე მართლა ყველაფერი იკადრეს. სულ ვამბობდი, რომ ძალიან ცუდ პროცესს ჰქონდა ადგილი, რახან დაიწყო ეს არჩევნები ცუდი ფორმით, მაგრამ მგონი, ამავდროულად ძალიან კარგიც იყო, ილუსტრაციაა ბევრი ადამიანის. დიდი იმედი მაქვს, მოვახერხებთ ამ პარტიის გასუფთავებას“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.