არასაჭირო აგრესიას მიმართავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, როგორ შეიძლება ეს იყოს ნორმალურად შეფასებული?! – ვის რა წვლილი აქვს, გაირკვევა და რეაგირების გარეშე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას და აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ცდილობდა, აქცია სამართლებრივ ფარგლებს გასცდენოდა. კითხვაზე, რელევანტურია თუ არა შეფასება, რომ იქ სატანისტები იდგნენ, სარჯველაძე აცხადებს, რომ მან “ცოტა სხვანაირად თქვა”.
„(სატანისტების) ფორმებში ვიხილეთო – ცოტა სხვანაირად თქვა. პრემიერმა გააკეთა განმარტებები, თუ როგორ იქცეოდნენ, სხვათა შორის რადიკალურად განსხვავებული იყო ცალკეული ჯგუფების ქმედება იმავე აქციაზე. იყო ერთი ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომლებიც რადიკალურად იქცეოდნენ და ყველაფერს ცდილობდნენ, რომ მოვლენები გასცდენოდა სამართლებრივ ფარგლებს, კონსტიტუციით ნებადართულ ფარგლებს, ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ და აბსოლუტურად არასაჭირო აგრესიას მიმართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიციელების წინააღმდეგ, თავდასხმებს ახორციელებდნენ, “მოლოტოვის კოქტეილებს” იყენებდნენ, ასეთ დროს ასეთ ქმედებებს ვინც მიმართავს, როგორ შეიძლება ის იყოს ნორმალურად შეფასებული?! ბუნებრივია, ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება, სამართლებრივი შეფასება. ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს შეწყნარებული, არც ერთი სახელმწიფოს და არც ერთი საზოგადოების მხრიდან. ეს არის ქმედებები, რომელიც საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას ძირს უთხრის, ამიტომ კონკრეტული ჯგუფი, ვის რა წვლილი აქვს, ვინ მოქმედებდა კეთილსინდისიერად, ვინ არაკეთილსინდისიერად, ეს ბუნებრივია გაირკვევა და შეფასების და რეაგირების გარეშე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩება,”- განაცხადა სარჯველაძემ.